მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, საქართველოს მთავრობას, ძველი ავტომობილების განბაჟების გაძვირება აქვს გადაწყვეტილი. გაძვირება 6 წელზე ხნიერ ავტომობილებს შეეხება, 6 წლამდე ავტომობილების კი განბაჟება კი პირიქით, გაიაფდება. ავტომობილის საბაჟო ბეგარა, ორი ძირითადი პარამეტრით – გამოშვების თარიღით და ძრავის მოცულობით განისაზღვრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით ერთი მილიონი (2014 წლის მაჩვენებლით, 964 754) ავტომობილის თითქმის 90%, 2004 წლამდეა გამოშვებული.

იმ მოტივის შესაბამისად, რომელიც საბაჟო ტარიფების შეცვლის მიზეზი (ეკოლოგია) გახდა, ყველაზე ნაკლები გადასახადი ახალ და ნულოვანი გარბენის (გარკვეულ ასაკამდე) მქონე ავტომობილებზე უნდა მოდიოდეს, რადგან ისინ ატმოსფეროს ნაკლებად აბინძურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყნის ავტოპარკი 9.7%-ით გაიზარდა. 3 წლამდ ასაკის ავტომობილებზე, ავტოპარკის დაახლოებით 2% მოდის. ავტოპარკის 60.4% მსუბუქი ავტომობილია, 20.0% – მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომობილი. 11-დან 20 წლამდე ავტომობილებზე, ავტოპარკის 45% მოდის, იგივე წილი უკავია 20 წელზე ხნიერ ავტომობილებს.

იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც საქართველოს გზებზე გადაადგილდება, ყველაზე მეტი – 131 558 „მერსედესის“ მარკისაა. მეორე და მესამე ადგილები, „ოპელს“ და „ფორდს“ უკავიათ. ცალკეულ მოდელებს შორის, უყველაზე პოპულარულია „ოპელ ასტრა“ – 48 187.მეორე და მესამე ადგილები, „ოპელ ვექტრას“ და „მერსედეს-ბენცის“ E-კლასს უკავიათ.

2014 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი იაპონიიდან შემოვიდა. ამ ქვეყნიდან იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი თითქმის ორჯერ სჭარბობდა გერმანიიდან და შეერთებული შტეტებიდან იმპორტის რიცხვს. იმპორტირებულ ავტომობილთა 76% ბენზინზე მუშაობს, 17% დიზელზე მოდის, 6.3% ბუნებრივ აირზე და მხოლოდ 0.7%-ია ჰიბრიდული. ოფიციალურად არ არის აღრიცხული ელექტრომობილები.

2013 წელთან შედარებით, 2014 წელს თითქმის 600 ერთეულით არის შემცირებული ახალი ავტომობილების რეგისტრაციების რიცხვი (შესაბამისად, 3509 და 2913). ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მიხედვით, კვლავ „ტოიოტა“ ლიდერობს. თუმცა წინა წლებთან შედარებით, მისი გაყიდვები შემცირებულია.

პროექტის მიხედვით საბაჟო გადასახადები ამგვარად განისაზღვრა:

  • 1 წლამდე – კუბური სანტიმეტრი – 1.5 ლარი (უცვლელი დარჩა)
  • 1 წლის – კუბური სანტიმეტრი – 1.0 ლარი (მცირდება 0.5 ლარით)
  • 2 წლის – კუბ. სმ – 0.7 ლარი (მცირდება 0.7 ლარით)
  • 3 წლის – კუბ. სმ – 0.5 ლარი (მცირდება 0.6 ლარით)
  • 4 წლის – კუბ. სმ – 0.5 ლარი (მცირდება 0.7 ლარით)
  • 5 წლის – კუბ. სმ – 0.5 ლარი (მცირდება 0.5 ლარით)
  • 6 წლის – კუბ. სმ – 0.5 ლარი (მცირდება 0.2 ლარით)
  • 7 წლის – კუბ. სმ – 0.7 ლარი (იზრდება 0.2 ლარით)
  • 8 წლის – კუბ. სმ – 0.9 ლარი (იზრდება 0.4 ლარით)
  • 9 წლის – კუბ. სმ – 1.0 ლარი (იზრდება 0.5 ლარით)
  • 10 წლის – კუბ. სმ – 1.1 ლარი (იზრდება 0.6 ლარით)
  • 11 წლის – კუბ. სმ – 1.2 ლარი (იზრდება 0.7 ლარით)
  • 12 წლის – კუბ. სმ – 1.3 ლარი (იზრდება 0.8 ლარით)
  • 13 წლის – კუბ. სმ – 1.4 ლარი (იზრდება 0.8 ლარით)
  • 14 წლის – კუბ. სმ – 2.0 ლარი (იზრდება 1.3 ლარით)