სარბოლო ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Avatar-მა თავის ღია მოდელის საგზაო ვერსია შეიმუშავა და საზოგადოებას პირველად ბირმინგემში, სპორტული ავტომობილების საერთაშორისო შოუზე წარუდგინა. მყიდველს „როდსტერს“ ორი ძრავით შესთავაზებენ და ორივე Ford-ის სერია ეკობუსტის აგრეგატია.

ერთი ძრავი 2.0-ლიტრიანია და 250 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს ავითარებს. მეორე აგრეგატის მოცულობა 2.3 ლიტრია და მისი სიმძლავრე 350 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 440 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილი, რომელიც 695 კილოგრამს იწონის, პირველი აგრეგატით (და მასთან წყვილში მომუშავე 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით) ადგილიდან ასის აკრეფას 4.0 წამს ანდომებს, უფრო ძლიერი ძრავით კი, რომელსაც 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი ემსახურება, ამაზე 0.4 წამით ნაკლები ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე შესაბამისად, 233 და 265 კმ/სთ-ია.

2.3-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი მოდლის მყიდველს ასევე ოპციის სახით შესთავაზებენ 7-საფეხურიან სეკვენტალურ კოლოფს, რომლის საფეხურების გადამრთველებიც, საჭის რგოლთან თავსდება. ამავე ავფტომობილის ოპციათა ჩამონათვალში ასევე შედის: მძლავრი მუხრუჭები, სწრაფად მოსახსნელი საჭე, მოსახსნელი სახურავი და სხვა.

სტანდარტულ ეკიპირებაში კი შედის: კომპოზიტისგან დამზადებული მსუბუქი სავარძლები, ძრავის დასაქოქი ღილაკი, მაჩვენებლების სარბოლო ყაიდის ციფრული დაფა, Apple-ის „ქარპლეი“ და „ანდროიდ ავტო“, ჰაერის კონდიცირების სისტემა, 4-წერტილოვანი ღვედები და USB შესაერთებლები.

ბრიტანეთში საგზაო Avatar Roadster-ის საბაზო ფასი 39 990 გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 49 000 დოლარი), რაც სამწლიან გარანტიას ითვალისწინებს. გარდა ამისა, რადგან „ფორდის“ ძრავებითაა აღჭურვილი, მათ სერვისს, ამერიკული კომპანიის ნებისმიერი დილერის ტექნიკური ცენტრი შეასრულებს. Avatar-ი მხოლოდ 50 ცალი Roadster-ის გამოშვებას აპირებს.