გერმანიაში ახალი კანონის შემოღებას აპირებენ, რომელიც ავტომწარმოებლებს დაავალდებულებს, რომ ავტოპილოტის ფუნქციით მქონე ავტომობილები, ეგრეთ წოდებული შავი ყუთებით აღიჭურვოს. ასეთი მოწყობილობების დახმარებით, ინციდენტების შემთხვევაში, მომხდარის გაანალიზება იქნება შესაძლებელი, რადგან ყუთებში სრული ინფორმაცია ჩაიწერება.

ეს ინფორმაცია, გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროდან როიტერსმა მოიპოვა. წყაროს ცნობით, „შავ ყუთებში“ ავტომობილის მოძრაობის შესახებ სრული ინფორმაცია შეინახება. მასზევე იქნება ჩაწერილი, თუ როდის მართავდა ავტომობილს ავტოპილოტი და როდის – მძღოლი და მოითხოვა თუ არა ავტოპილოტმა, რომ მართვა ისევ მძღოლის ხელში გადასულიყო.

ახლახანს ფლორიდაში მოხდა ფატალური ავარია, რომლის დროსაც, ავტოპილოტის რეჟიმში მოძრავი Tesla Model S-ი ტრაქტორ-ტრეილერს შეეჯახა, რის შედეგადაც, ელექტრომობილის მძღოლი დაიღუპა. ამ შემთხვევამ, სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის კანონმდებელთა ყურადღება მიიქცია, რადგან მალე მათ ქვეყნებში ასეთი ავტომობილები მასობრივად გაიყიდება.

ახალი კანონპროექტი გერმანიის ტრანსპორტის მინისტრ ალექსანდერ დობრინდტის მიერ არის შემუშავებული. ამ პროექტის მიხედვით, ავტოპილოტით მართვისას, მძღოლს იმის უფლება ექნება, რომ ყურადღება არ მიაქციოს გზას და საჭის რგოლს. მაგრამ სავარძელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს. ეს იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციაში, მართვის საკუთარ თავზე აღება შეძლოს.