Audi და მისი ჩინელი პარტნრი, კომპანია Hanergy-ი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანიც, გერმანული კომპანიის ელექტრომობილების და ჰიბრიდული მოდელების სახურავებზე, მზის ელემენტების დამონტაჟებაა. ამ წამოწყების მიზანი, ელექტრომობილების ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებაა, რაც მათი სვლის სიშორეზე აისახება.

მართალია, მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია არა ძალურ დანადგარს, არამედ ინტერიერის სისტემებს მოხმარდება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ იგივე სისტემები (მაგალითად, ჰაერის კონდიციონირების სისტემა, სავარძლების გამათბობლები და სხვა), მათი მუშაობისთვის საჭირო ენერგიას ელემენტების ბლოკიდან აღარ მიიღებენ და იქ დაგროვილი ელექტრო ენერგიის დიდი ნაწილი, ავტომობილის გადაადგილებას მოხმარდება.

როგორც Audi აცხადებს, პირველი ასეთი ავტომობილის პროტოტიპი წელსვე დამზადდება. გერმანული კომპანია მის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. კომპანიამ მზის ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილი პირველად შარშან გვიჩვენა. ეს იყო უგზოობის ელექტრული მოდელი Q6 (ფოტოზე). ოღონდ, მის სერიულ ვერსიაზე ჯერჯერობით მზის ელემენტის დაყენება არ იგეგმება.

ინგოლშტადტელები 2020 წლამდე სამი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებენ, 2025 წლამდე კი მათი სამოდელო გამის დაახლოებით მესამედი, ელეტრული ძალური დანადგარით აღჭურვილი უნდა იყოს. ამ გეგმის შესასრულებლად, კომპანია თავისი შიდაწვის ძრავების პროგრამებს შეკვეცავს და ასე დაზოგილ 12 მილიარდ დოლარს, ელექტრული ტექნოლოგიების განვითარებას მოახმარს.