პარიზის მოტორ შოუზე Audi-მ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი – RS3 LMS წარადგინა, რომელიც RS3-ის ბაზაზეა შექმნილი და ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ მომავალ სეზონში, მას რუსთავის მოტორპარკზე, TCR-ის საერთაშორისო ეტაპის რბოლებში ვიხილავთ. არც ისაა გამორიცხული, რომ მის საჭეს ამ სერიის ქართველი მონაწილე, დავით ქაჯაია მიუჯდეს.

audi-rs3-lms-paris-1

Audi Sport-ის სარბოლო დეპარტამენტის დირექტორი კრის რაინკე ამბობს, რომ TCR-ის კლასს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე GT3-ს, რადგან ამ უკანასკნელზე იაფია და მისი რბოლები უკვე უფრო მეტ ქვეყანაში ტარდება, ვიდრე GT3-ისა. ამასთან, არეალი თანდათან სულ უფრო გაფართოვდება. რაც შეეხება სიიაფეს, ეს შედარებითია, რადგან TCR-ის სერიისთვის განკუთვნილი RS3 LMS, რომელიც 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფითაა აღჭურვილი, გერმანიაში 129 000 ევრო (დღგ-ს გარეშე) ღირს.

RS3 LMS-ის „კლაბ სპორტის“ და TCR-ის ვერსიები, ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი, TFSI ძრავით არის აღჭურვილი. TCR-ის სპეციფიკაციით, ის 330 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 240 კილომეტრს აღწევს.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ინგოლშტადტელებმა TCR-ისთვის სარბოლო ავტომობილი, ჰეჩბეკის ნაცვლად, სედანის ბაზაზე მოამზადეს. ის აღჭურვილია უსაფრთხოების კარკასით, FIA-ს მოთხოვნების შესაბამისი საწვავის ავზით, სარბოლო სავარძლით და უსაფრთხოების სხვა ეკიპირებით.

audi-rs3-lms-paris-4

audi-rs3-lms-paris-5