Audi-მ ახალი ტიპის საკიდარის რხევების ჩამქრობი სისტემის პირველი პროტოტიპი გაგვაცნო, რომელსაც თავისი პირდაპირი დანიშნულების (საკიდარის დრეკადი ელემენტის რხევების ჩაქრობა) გარდა, ელექტრო ენერგიის გამომუშავებაც შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, გერმანული კომპანიის ავტომობილები ენერგიის გამომუშავებას ცუდი გზების, ქარის და სხვა იმ პირობების დახმარებითაც შეძლებენ, რომლებიც საკიდარის რხევებს იწვევს.

სისტემის სახელია eROT და მისი მთავარი ნაწილი არის ელექტრომექანიკური როტორული ჩამქრობი, რომელიც ზამბარის და ამორტიზატორის წყვილის მოვალეობას ასრულებს. გამომუშავებული ელექტრო ენერგია, ელემენტების ბლოკში შეინახება, რომელსაც ჰიბრიდული ავტომობილი, ან ელექტრომობილი, ელექტრო ძრავების სამუშაოდ გამოიყენებს.

Electromechanical rotary damper

Audi-ს დრექტორთა საბჭოს წევრი, დოქტორი შტეფან კნირში, ვინც ტექნიკური განვითარების შტოს კურირებს, ამბობს, რომ თავისი ელექტრომექანიკური საკიდარის სისტემა, რხევების ჩაქრობის და ელექტრო ენერგიის გამომუშავების გარდა, ავტომობილის მფლობელს, საკიდარის სიხისტის ადვილად რეგულირების საშუალებასაც მისცემს.

საკიდარის დრეკად ელემენტამდე რხევები ჩვეულებრივ, ბერკეტების დახმრებით აღწევს. სისტემა მიღებულ ძალას კბილანებიანი გადაცემის გამოყენებით, ელექტრო ძრავ/გენერატორს აწვდის, რომელიც ბრუნვისას ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. პირველმა ტესტებმა აჩვენა, რომ სისტემა საშუალოდ 100-150 ვატ ენერგიას იძლევა (აუდის არ დაუკონკრეტებია, ეს რა მანძილზე ან რა დროში ხდება). ამასთან, როცა გზა ახალი დაგებული და სწორია, სისტემის გამომუშავება 3 ვატამდე კლებულობს. უხარისხო, B-კატეგორიის გზაზე კი გამომუშავება 613 ვატსაც აღწევდა.

გარდა ამისა, სისტემას ჰორიზონტალური განლაგება აქვს, რისი წყალობითაც, ავტომობილის შიდა სივრცეში ადგილი იზოგება, რაც ინჟინრებს საბარგულის მოცულობის გაზრდის საშუალებას მისცემს. სისტემა შეკუმშვის და გაშლის ტაქტების გარეშე მუშაობს და როგორც Audi ირწმუნება, ამით რბილის სვლა და კომფორტის უმაღლესი დონე მიიღწევა.

Audi იმედოვნებს, რომ საკიდარის ახალ ტექნოლოგიას მალე დანერგავს თავის სერიულ ავტომობილებზე.