ამ ავტომობილს არაერთი რბოლა აქვს მოგებული. ახლახანს სპას 24-საათიან რბოლაში გაიმარჯვა. ის „ლამბორგინის“ შედარებით ხელმისაწვდომი ნათესავია. ოღონდ, ერთი „ნაკლი“ აქვს – მხოლოდ ტრეკზე რბოლებისთვის არის განკუთვნილი, რადგან ძალიან დაბალია და მხოლოდ სწორ გზას იტანს. მაგრამ რა იქნებოდა, გერმანულ კომპანიას მის ბაზაზე უგზოობის სარბოლო ვერსია რომ შეემუშავებინა?

ინგოლშტადტელები ამაზე არ ფიქრობენ. სამაგიეროდ, თავისი მდიდრული ფანტაზიის დემონსტრირებას კვლავ გვთავაზობს ამ საქმის ოსტატი, რომელიც MoAoun-ის სახელით არის ცნობილი. მას უკვე შემუშავებული აქვს Rolls-Royce Ghost-ის, Mercedes G-Class-ის და Tesla Model X-ის საკუთარი ვერსიები, ახლა კი Audi R8-საც მისწვდა.

პროექტი კომპიუტერული ესკიზების სახით არის შექმნილი, თუმცა აშკარაა, რომ ის დაკიდების სისტემის ძირეულ შეცვლას და ძარის გადაკეთებას ითვალისწინებს. სხვაგვარად ავტომობილი უზარმაზარ ბორბლებზე ვერ დადგება. გარდა ამისა, ძარას დაემატა უსაფრთხოების კარკასი, რაც ბახას და დაკარის ტიპის რბოლებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ატრიბუტია.

თქმა არ უნდა, რომ „აუდის“ მარკეტოლოგები ასეთ ავტომობილს მწვანე შუქს არანაირად არ აუნთებენ. მაგრამ არიან მცირე კომპანიები, რომელთა ხელშიც ასეთი პროექტი რეალურ ავტომობილად შეიძლება გარდაიქმნას. და ამ ავტომობილს მუშტარი აუცილებლად ეყოლება. სხვა თუ არაფერი, ის მრავალი გამარჯვების მომპოვებელ შასიზე იქნება ბაზირებული…