ჰოლანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, Audi ბრიუსელის ქარხანაში ელექტრულ ქროსოვერ Q6 E-ტრონს გამოუშვებს. ინგოლშტადტელები ამ ქარხანაში სუბკომპაქტურ A1-ს აწარმოებენ. შარშან იქ მათ 115 000 ავტომობილი აწარმოეს. გერმანული კომპანია ამ ინფორმაციას, რომელიც ჰოლანდიურმა გაზეთმა „დე მორგენმა“ გაავრცელა, ოფიციალურად არ ადასტურებს.

Electric-Audi-Q6-E-Tron-2

ელექტრულ ქროსოვერს, რომელიც ბაზარზე კონკურენციას „ტესლას“ უახლეს „მოდელ X-ს“ გაუწევს, ელემენტების ბლოკის სრული დამუხტვით, დაახლოებით 500 კილომეტრის გავლას შეძლებს. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ოთხმა რგოლმა ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. ეს ავტომობილი სამი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 429 ცხენის ძალაა.

ძრავებს ელექტრო ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 95 კილოვატსაათია. ის ავტომობილის ძირში, სალონის ქვეშ არის განლაგებული, რაც გარდა იმისა, რომ სალონისთვის სასარგებლო სივრცეს ათავისუფლებს, ავტომობილის სიმძიმის ცენტის დაბლა დაწევასაც იწვევს. ეს კი მანვრულობას აუმჯობესებს.

Electric-Audi-Q6-E-Tron-1

ცნობისათვის, სკანდალ დიზელგეიტის აგორების გამო, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა სტრატეგია შეცვალა და ამიერიდან, დიზელის ძრავების ნაცვლად, აქცენტს ელექტრულ და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე გადაიტანს. ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელიც ახალი პროგრამის ფარგლებში გამოვა, სრულიად ელექტრული „ფაეტონია“. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ „ფაეტონს“ და „Q6 E-ტრონს“ ერთი და იგივე მოდულური  პლატფორმა და ელექტრული სისტემა ექნებათ, მცირე განსხვავებით.