Porsche და Audi ერთობლივ პროექტზე მუშაობენ, რომლის მიზანიც, ბენზინის ახალი V6 და V8 ტურბო ძრავების შემუშავებაა. ორივე ტიპის ძრავი ერთ, 90-გრადუსიან არქიტექტურაზე იქნება ბაზირებული და მათი ყოველი ცილინდრის მოცულობა 0.5 ლიტრი უნდა იყოს. შესაბამისად, V6 მოდული 3.0-ლიტრიანი, V8 კი 4.0-ლიტრიანი იქნება. ახალი ძრავები, ორივე კომპანიის V6 და V8 აგრეგატებს ჩაანაცვლებს.

პირველ ეტაპზე, აგრეგატებს მხოლოდ თითო ტურბო კომპრესორი მოემსახურება. შემდგომში კი არაა გამორიცხული, რომ გამონაბოლქვზე მომუშავე დამჭირხნთან კომბინაციაში, ელექტრო ძრავზე მომუშავე კომპრესორიც დაუმატონ. მსგავს კომბინაციებს, გამძლეობაზე რბოლებსა და ფორმულა 1-ში უკვე იყენებენ.

Porsche-engines-4

მოდულური აგებულების წყალობით, ძრავების შემუშავება, სრულყოფა და წარმოებისთვის მომზადება, ასევე წარმოება, მათს გაიაფებას გამოიწვევს. შემდგომში, ორივე კომპანია ამავე აგრეგატების კიდევ უფრო მცირელიტრაჟიან ვერსიებსაც გამოუშვებს. და მათ Porsche-ს და Audi-ს გარდა, Volkswagen-ის ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიებიც – Bentley, საკუთრივ VW და ალბათ Lamborghini-ც გამოიყენებენ.