აუდიმ უკანა ფარების სრულიად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელსაც ჯერაც უცნობ კონცეპტუალურ ავტომობილთან ერთად, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. ეს არის OLED (ორგანული, შუქის გამომსხივებელი დიოდი) მატრიცა, რომელიც გერმანული კომპანიის განცხადებით, რომელიც განათების სისტემისთვის, ადრე მიუღწეველ დონეზე გასვლის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია, დიზაინერებს პრაქტიკულად შეუზღუდავ შესაძლებლობებს უქმნის.

ახალი ტექნოლოგია ჯერ ბოლომდე შემუშავებული არ არის. თუმცა მისი პირველი პროტოტიპი უკვე დამონტაჟდა კონცეპტუალურ ავტომობილზე, რომელსაც ასევე პირველად, ფრანკფურტში გვიჩვენებენ. ოთხი რგოლი ირწმუნება, რომ ახალი OLED ტექნოლოგია, საინჟინრო თვასაზრისითაც დახვეწილია, ესთეტიკურად გამართული ფორმების შექმნის საშუალებასაც იძლევა და უსაფრთხოების კუთხითაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

Audi-OLED-technology-2

OLED-ის ყოველი ბლოკი ორ ელექტროდს მოიცავს, რომელთაგან ერთი მაინც, გამჭვირვალე უნდა იყოს. მათ შორის რამდენიმე ორგანული ნახევრადგამტარის ფენაა მოთავსებული. დაბალი ძაბვა (3-4 ვოლტი) ააქტიურებს შრეებს, რომელთა სისქეც, მილიმეტრის ერთი მეათასედია. ძაბვის გავლა განათებას იწვევს. სინათლის ფერი, მისი წყაროს მოლეკულურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

წერტილოვანი შუქის წყაროსა (LED – შუქდიოდი) და OLED-ს შორის სხვაობა ისაა, რომ პირველი, ნახევრადგამტარული კრისტალებისგან შედგება, მეორე კი – შუქის ბრტყელი წყაროებისგან. OLED განათების უპირატესობა ისაა, რომ ის ერთგვაროვან შუქს გამოსცემს და მისი სიმკვეთრის რეგულირება, საფეხურების გარეშეა შესაძლებელი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ასეთი შუქი ჩრდილს არ ტოვებს და არც რეფლექტორებს საჭიროებს, შუქის მიმმართველებს და სხვა ოპტიკურ კომპონენტებს. დაკიდევ, ასეთი ფარები არის ეფექტური, მსუბუქი და საერთოდ არ საჭიროებს გაგრილებას.