გამძლეობაზე რბოლებში და მათ შორის ლე მანზე, წლების განმავლობაში, „აუდი“ თავისი ჰიბრიდული სარბოლო პროტოტიპით დომინირებს. გერმანულ გუნდს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს. მაგრამ გასული სეზონიდან ლე მანის დასალაშქრად, „პორშე“ დაბრუნდა, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში „აუდის“ ნათესავია. ცუფენჰაუზენელებს ლე მანი ყველაზე მეტჯერ (16) აქვთ მოგებული და პირველივე სეზონში გამარჯვებისთვის იბრძოლეს. „აუდის“ მომავალს კი სულ უფრო ხშირად უკავშირებენ ფორმულა 1-ს. ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურად, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება…

გამოცემა „ავტო ექსპრესის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მისი კომპანია ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში უახლოეს ხუთ წელიწადში ჩართვას, „აუდის“ შეფმა რუპერტ შტადლერმა დამაინტრიგებელი პასუხი გასცა, რომელიც უარყოფას აშკარად არ ჰგავს: „ეს ისეთი რამაა, რაზეც ვფიქრობთ. თუმცა, ეს პირველად არ ხდება, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ სხვადასხვა რამეზე. და მაინც, არც კის ვიტყვი და არც არას“.

არც უარყოფაა და არც დასტური, მაგრამ ამ კითხვა-პასუხს საინტერესო ფონი აქვს: ახლახანს, რომ იტყვიან, „ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა – პოსტი დაატოვებინეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხს, ვინც დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალია. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, პიხი ფ1-ში ჯგუფის რომელიმე კომპანიის ჩართვის მთავარი წინაღობა იყო.

Petronas-Sponsor

ამჯერად ჯგუფის ლიდერობა „ფოლკსვაგენის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ვინტერკორნმა იკისრა, რომელიც პიხის ჩანაცვლებას არ აპირებს. მაგრამ მის შემცვლელს ეძებს და ჯგუფში რეფორმებსაც გეგმავს. სწორედ ისაა ლე მანიდან „აუდის“ წასვლის ერთ-ერთი მოთავე, რადგან თვლის, რომ ერთ სერიაში, თუნდაც ისეთ პრესტიჟულში, როგორიც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატია, ერთი ჯგუფის ორი კომპანიის მონაწილეობა ფულის ფლანგვაა. და რადგან „პორშე“ ახალი დაბრუნებულია, „აუდის“ კი ყველაფერი მოგებული აქვს, ფ1-ში სწორედ გაამწესებენ. თუ ინგოლშტადტელები მართლაც დიდი პრიზების ცირკში გადაბარგდებიან, მათ DTM-ის დატოვებაც (ფინანსური რესურსების კონცენტრაციისთვის) მოუწევთ.

სხვათა შორის, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ „აუდისთან“ მოლაპარაკებას კომპანია „რედ ბულის“ თანამფლობელი, ავსტრიელი დიტრიხ მტეშიცი აწარმოებს. მათ შესაძლო ურთიერთობაში ბევრი ვარიანტია, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ფ1-ში „აუდის“ გამოჩენა სულ უფრო რეალური ხდება…

Petronas-Sponsor-Footer