ავტონომიური ტექნოლოგიების შემუშავების ტრენდს Audi-ც მიჰყვება, რომელმაც ასეთი სისტემებით ეკიპირებული კონცეპტუალური მოდელი, სახელად Elaine, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. ეს არის შანჰაის შოუზე ნაჩვენებ კოცეპტ E-Tron Sportback-ის უფრო დახვეწილი და სრულყოფილი ვარიანტი, რომლის განკარგულებაშიც მე-4 დონის ავტონომიური ტექნოლოგიებია.

Audi Elaine ბევრი ისეთი ელემენტით გამოირჩევა, რომლებიც კონცეპტუალური ავტომობილებისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, LED სისტემა, რომელიც მასთან მიახლოებისას, მფლობელს და მგზავრებს, ერთგვარ ანიმაციურად გაფორმებულ დახვედრას უწყობს.

ორი კონცეპტი გარეგნულად ძლიერ ჰგავს ერთმანეთს, თუმცა Elaine მაინც ახალი სისტემებით გამოირჩევა. მაგალითად, მის უკან განლაგდა უფრო დახვეწილი საკონტროლო სისტემა zFAS, რომელიც მაგისტრალზე მოძრაობისას, ჰაივეი პილოტის როლს ასრულებს და შორეულ სივრცეებსაც აკონტროლებს. „ჰაივეი პილოტი“ არის სისტემა, რომელიც გადატვირთულ მაგისტრალზე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით, ავტომობილს დამოუკიდებლად შეუძლია ზოლების შეცვლა. რა თქმა უნდა, უსაფრთხო გადაადგილებას დამხმარე სისტემები უზრუნველყოფს.

კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია პერსონალური საზრიანი ასისტენტით (PIA), რომელიც ფაქტობრივად, ავტომობილის ხელოვნურ ინტელექტს წარმოადგენს. ის რეაგირებს ხმოვან სიგნალებზე და იყენებს ადაპტირებად ალგორითმებს, რაც მას მომხმარებელთან კომუნიკაციაში ეხმარება. PIA-ს შეუძლია მფლობელის ამოცნობა, იმახსოვრებს მის ქცევებს და მართვის სტილს, რისი გამოყენებითაც, ავტომობილის ფუნქციებს შესაბამისად მომართავს. ასევე შეუძლია ინფოტაინმენტ სისტემის, სატელიტური ნავიგაციის, კავშირის საშუალებების, კლიმატ კონტროლის და სხვა ფუნქციების და სისტემების მართვა. ასევე საჭიროების შემთხვევაში, სადგომისთვის ადგილსაც მოგიძებნით.

კონცეპტის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია სისტემა „ფიტ დრაივერი“, რომელიც მძღოლის ხელის მტევნის გამოყენებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. მას შეუძლია ტემპერატურის და პულსის კონტროლი, მიღებული ინფორმაციის ანალიზს დახმარებით კი დაადგენს დაღლილობას. ამის შემდეგ, ავტომობილის საზრიანი სისტემა მოდუნებასა და დასვენებაში შეძლებისდაგვარად შეგიწყობთ ხელს. მაგალითად, სუნთქვით ვარჯიშებს და მასაჟს ჩაგიტარებთ.

ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ ძალური დანადგარის მახასიათებლები აღარც გაინტერესებთ, თუმცა მაინც აღვნიშნოთ, რომ Audi Elaine სამი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 496 ცხენის ძალაა. ავტომობილს ელემენტების სრული დამუხტვით, დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. გარდა ამისა, ადგილიდან ასამდე 4.5 წამში აგაჩქარებთ. სხვათა შორის, ამ ყველაფერში ის E-Tron Sportback-ის იდენტურია.