ელექტრული და ავტონომიური ტექნოლოგიები თანდათან ვითარდება და წარმოებაში მკვიდრდება. დღეს თუ უპილოტო ავტომობილი წარმოუდგენლად მოჩანს და ძირითადად პოლიგონებზე გადის ტესტირებას, ხვალ მისი დანახვა აღარავის გააკვირვებს. შესაბამისად, ავტომწარმოებლები ცდილობენ, მომავალ ტრენდს დღესვე შეახტნენ, რათა მაქსიმალურად მოგებულები დარჩნენ.

მათ შორისაა Audi, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ელექტრული ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში და იმავდროულად, ავტონომიურ ტექნოლოგიებზეც ინტენსიურად მუშაობს. მისი კონცეპტების სერია e-Tron-ის შედეგებიც თანდათან გამოდის ბაზარზე. ეს კონცეპტუალურ ნამუშევარი კი, სახელად e-Tron Imperator, დიზაინერ ფრედერიკ ლე სელიურს ეკუთვნის, რომელმაც თავისი ნააზრევი კომპიუტერის მეშვეობით შექმნა.

ის თვლის, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს ავტომობილი, რომელსაც გერმანული კომპანია 2028 წელს გამოუშვებს. კონცეპტის სახელი კომპანიის წარსულს უკავშირდება – Audi-მ მდიდრული და ძალიან ძვირი მოდელი Type R Imperator-ი 1928 წელს გამოუშვა. კონცეპციის განმარტებაში აღნიშნულია, რომ ავტომობილი ელექტრული ძალური სისტემით არის აღჭურვილი.

კონცეპტუალური ავტომობილი თავისი ფართო და კომფორტული ინტერიერით გამოირჩევა, რომელიც წინა ბორბლების ღერძიდან მოყოლებული, საბარგულთან ერთად, ავტომობილის თითქმის მთელ სიგრძეს იკავებს. სალონში ოთხი კომფორტული ადგილია. და ის ეკიპირებულია ბევრი ისეთი ტექნოლოგიით, მათ შორის 3-განზომილებიანით, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოჩნდება ავტომობილებზე. ჰოლოგრაფიული სისტემა სალონის უკანა ნაწილს მოიცავს და მგზავრობისას მუშაობის და გართობის საშუალებას იძლევა.

პროექტის ავტორმა საინტერესო გადაწყვეტა მოიფიქრა – კარის ჩვეულებრივი პანელები, სენსორული ეკრანებით შეცვალა, რომლებიც ინფოტაინმენტ სისტემის კონტროლის საშუალებას იძლევა. მოკლედ, „იმპერატორის“ სალონი ერთგვარი ციფრული სამყაროა, რომელიც მგზავრებს ბევრ სიკეთეს სთავაზობს, თუმცა ამდენი ციფრული გიზმო მეტისმეტიც ხომ არაა?