Audi-მ თავისი ახალი A7 Sportback-ი ინტერნეტით უკვე გაგვაცნო, თუმცა რეალობაში პირველად მას დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენს. გარდა იმისა, რომ საზოგადოების წინაშე პირველად წარდგება, ეს იქნება ამ ავტომობილის პირველი ნაბიჯი ამერიკის მიწაზე.

ფასტბეკის ტიპის ძარით ინგოლშტადტელებმა პირველი კონცეპტუალური ავტომობილები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შექმნეს. ეს იყო Prologue Concept-ი და 100 S Coupe. ახალი (მეორე) თაობის A7 კი მეტოქეობას ისეთ ძლიერ კონკურენტს გაუწევს, როგორიცაა Mercedes-Benz-ის CLS. ცნობისათვის, ახალი A7-ს სასტარტო ფასი გერმანიაში 67 800 ევროა.

გერმანული კომპანია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ახალი A7-ის შესრულების რა დონეებს შესთავაზებს მყიდველს და რა ეკიპირებით იქნებიან ისინი გამორჩეული. რა თქმა უნდა, თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილისთვის, Audi თავის უახლეს სისტემებს უხვად გამოიყენებს.

ბაზარზე გამოსვლის მომენტში, ახალი A7 მხოლოდ ერთი, ბენზინის 3.0-ლიტრიანი TFSI V6 ძრავით აღიჭურვება. მისი სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 500 ნიუტონმეტრი. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი გადაცემთა კოლოფი იმუშავებს, რომელიც მამოძრავებელ ძალას სრულ ამძრავიან სისტემას გადასცემს. მოგვიანებით, ძრავების გამა რამდენიმე აგრეგატით შეივსება.

გარდა ამისა, Audi მყიდველს A7-ის ორ ვერსიას – S7-ს და RS7-საც შესთავაზებს.