„ასტონ მარტინის“ ეს უახლესი ავტომობილი, ახლახანს ჟენევის მოტორ შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი გახდა. მალე კი, ის ამერიკელთა წინაშეც წარსდგება და ეს ნიუ იორკის ავტო შოუზე მოხდება. „ვულკანი“ მხოლოდ სატრეკო სუპერ ავტომობილია, თუმცა ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ნიუ იორკში ეგრეთ წოდებული შოუ სტოპერი გახდეს.

რა თქმა უნდა, სატრეკო ავტომობილებს კონკურენტები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ ჰყავთ – მწარმოებლები მათ ძალიან შეზღუდული ტირაჟით აწარმოებენ და მხოლოდ თავიანთ ერთგულ კლიენტებს სთავაზობენ. თუმცა ამის მიუხედავად, ჟენევაში „ვულკანი“ მაინც წარადგინეს, როგორც „ფერარის“ სატრეკო „ლაფერარი FXX K-ს“ და „მაკლარენ P1 GTR-ის“ კონკურენტი. ამ სიტყვაში ალბათ მახასიათებლებით მეტოქეობა იგულისხმება.

„ვულკანი“ აღჭურვილია 7.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 800 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. მთელი ეს ძალა უკანა ბორბლებისთვისაა. მას 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს, ბორბლებს შორის კი გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი ანაწილებს. ასეთი ძალის მოსათოკად, „ბრემბოს“ წარმოების მუხრუჭები მუშაობს, რომლებშივ კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული.

aston-martin-vulcan-geneva-4

ისევე როგორც სუპერ ავტომობილ „ვან-77-ს“ შემთხვევაში, „ვულკანის“ მონკოკური მზიდი სტრუქტურაც კანადურმა კომპანია „მულტიმატიკმა“ დაამზადა. მთელი სტრუქტურა მეტწილად კაბრონის კომპოზიციური მასალითაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ის მსუბუქი და მტკიცეა და გრეხვაზე დიდ დატვირთვებსაც ადვილად „იტანს“. ასევე „მულტიმატიკის“ მიერაა შემუშავებული დაკიდების სისტემაც, რომელშიც რეგულირებადი ამორტიზატორები გამოიყენეს. „ვულკანი“ ასევე აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით, რომელიც პილოტის მართვის სტილის შესაბამისად მოიმართება და ტრექშნ კონტროლით.

დაბოლოს, „ასტონ მარტინი“ მხოლოდ 24 ცალი „ვულკანის“ დამზადებას აპირებს. თითოეული მათგანი 2.3 მილიონი დოლარი ეღირება. ამ ფასში შედის მყიდველის მომზადება პროფესიონალი მრბოლის მიერ. ამასთან, მყიდველის სავარჯიშოდ, „ასტონ მარტინის“ სხვა ავტომობილებს გამოიყენებენ.