Aston Martin-მა წარმოებისთვის კუპე V8 Vantage-ს სატრეკო ვერსია, Vantage GT8 მოამზადა, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 150 ცალს გამოუშვებს. საბაზო მოდელისგან ამ ავტომობილს შემცირებული წონა (რასაც კარბონის უხვად გამოყენება უზრუნველყოფს) და ახალი აეროდინამიკური პაკეტი განასხვავებს. რაც მთავარია, ის სარბოლო V8 Vantage GTE-ს შთაგონებით არის შექმნილი.

ავტომობილის აგრესიული ფორმის მქონე ძარის ქვეშ, სარბოლოდ მოდიფიცირებული შასი იმალება, რომლის წყალობითაც, Vantage GT8 მეტი სისხარტით გამოირჩევა. ის აღჭურვილია 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 446 ცხენის ძალაა (სულ რაღაც, 10 ცხენით ძლიერია სერიულ V8 Vantage S-ზე). მყიდველის სურვილის შესაბამისად, მასთან წყვილში იმუშავებს ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 7-საფეხურიანი ავტომატური (Sportshift II) გადაცემათა კოლოფი.

Aston-Martin-Vantage-GT8-1

გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე V8 Vantage GTE-სგან, ახალმა ავტომობილმა კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული წინა სპლიტერი, წინა და უკანა ბამპერები, ძარის გვერდთა პანელები და ზღურბლები და უკანა დიფუზორი მიიღო. სარბოლო GTE-ს მსგავსად, ახალ ავტომობილსაც წინა საბორბლე თაღების უკანა ქვედა ნაწილი წაჭრილი აქვს. დამატებით პაკეტში მყიდველს ასევე შესთავაზებენ დიდი ზომის უკანა ანტი ფრთას და წინა სპლიტერს, რომლის კიდეებშიც ელერონებია განლაგებული.

aston-martin_vantage-gt8_08.0

სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა 5-წკირიანი ბორბლები, ოპციის სახით კი მყიდველს ძალიან მსუბუქ, 7-წკირიან ბორბლებს შესთავაზებენ. ორივე შემთხვევაში, ბორბლები Michelin-ის წარმოების Pilot Sport Cup 2 საბურავებით არის შემოსილი. მყიდველს ფერების სამ კომბინაციას შესთავაზებენ. ესენია: რუხი (ჩაინა გრეი) და ლურჯი, თეთრი (სტრატუს უაით) და მწვანე, ასევე მწვანე (სტირლინგ გრინ) და ფოსფორისფერი.

V8 Vantage GTE-ს საბაზო ფასი 165 000 გირვანქა სტერლინგია. ბრიტანული კომპანია მის მიწოდებას მეოთხე კვარტალში დაიწყებს.