ასტონ მარტინმა და ფორმულა 1-ის გუნდ „უილიამსის“ შტო „უილიამს ედვანსედ ინჯინირინგმა“, სედან „რეპიდ S-ის“ ბაზაზე, ელექტრომობილი შეიმუშავეს, სახელად „რეპიდ E“. მისი პრეზენტაცია ლონდონში, ლანკასტერ ჰაუსის მახლობლად გაიმართა და მას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და პრინცი უილიამი დაესწრნენ. წარდგენაზე ცისქვეშეთის ხელმძღვანელის დასწრება გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ავტომობილით ჩინელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი. და ავტომობილიც სწორედ მათი სურვილის შესაბამისად არის დამზადებული.

Aston-Martin-RapidE-Concept-5

პრეზენტაციაზევე, „ასტონ მარტინმა“ და ჩინურმა საინვესტიციო ჯგუფმა „ჩაინა ეკვიტიმ“ გამოაცხადეს, რომ შეისწავლიან კონცეპტუალური ავტომობილის წარმოების პოტენციალს. თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი ელექტრომობილისადმი ინტერესი არსებობს, მას „ასტონ მარტინი“ თავის გეიდონის ფაბრიკაში ორ წელიწადში გამოუშვებენ. სამწუხაროდ, ბრიტანულ კომპანიას ელექტრული „რეპიდის“ აღჭურვილობისა და დინამიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

„მდიდრული ელექტრომობილები, ჩვენი სამომავლო ნაწარმის პორტფოლიოს განუყოფელი ნაწილი იქნება. ამიტომ, ამ მიმართულებით ბაზრის შესწავლის საქმეში, „ჩაინა ეკვიტის“ ჩართვა მისასალმებელია. კონცეპტუალური „რეპიდ E“ თვალნათლივ წარმოადგენს „ასტონ მარტინის“ შესაძლებლობებსა და ამბიციებს, აწარმოოს მცირე და ნულვანი გამონაბოლქვის მქონე სპორტული ავტომობილები“, – განაცხადა „ასტონ მარტინის“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა ენდი პალმერმა.

Aston-Martin-RapidE-Concept-10

Aston-Martin-RapidE-Concept-11