ასტონ მარტინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟენევის მოტორ შოუზე ნაჩვენებ კონცეპტუალურ ქროსოვერ DBX-ს სერიულად გამოუშვებს. ბრიტანული კომპანია სწორედ ამ ავტომობილით დაიწყებს იმ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ათვისებას, რომელიც საინვესტიციო კომპანიების, „ტეჯარა კეპიტალისა“ და „ინვესტინდასტრიალისგან“ მიიღო.

„ასტონ მარტინი“ კიდევ ერთი ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელია, რომელმაც ქროსოვერების სეგმენტში პირველი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მალე თავიანთ პირველ უგზოობის ავტომობილებს „ბენტლი“, „მაზერატი“ და „როლს-როისი“ გამოუშვებენ და სავარაუდოდ, ამ გზას „ლამბორგინიც“ გაივლის. „ასტონ მარტინმა“ თავისი ახალი ავტომობილი „ლუქს კლასის GT ქროსოვერად“ მოიხსენია.

როგორც „ასტონ მარტინის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ენდი პალმერი ამბობს, კონცეპტუალურმა DBX-მა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ თავად კომპანიის მარკეტოლოგებიც კი გაოცებულნი დარჩნენ. ამ ფაქტორმა და პარტნიორებისგან მიღებულმა საინვესტიციო პაკეტმა, „ასტონ მარტინს“ DBX-ის წარმოების გადაწყვეტილება მიაღებინა. გარდა ამისა, ბრიტანული კომპანია კიდევ ორი ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რაც მის ისტორიაში არნახულად დიდი სამოდელო გამის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.

მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, რა ტიპის ძალური დანადგარით აღიჭურვება ახალი ავტომობილი. მისი კონცეპტუალური ვერსია სრულიად ელექტრულია, მაგრამ სათუოა, სერიული ავტომობილიც მყიდველს ელექტრომობილად შესთავაზონ. დიდი ალბათობით, სერიული ქროსოვერი AMG-ს უახლესი 4.0-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავით აღიჭურვება.