Aston Martin-მა დაადასტურა, რომ ქროსოვერ DBX-ის დიზაინზე მუშაობა დასრულდა. კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ენდი პალმერის თქმით, სერიული ავტომობილის გარეგნობაში, კონცეპტუალური DBX-ის სტილის ბევრი ელემენტი დარჩება, თუმცა მისგან განსხვავებით, ორის ნაცვლად ოთხი კარი ექნება.

„არის ასპექტები, რომლებიც მკვეთრად შევცვალეთ. თუმცა არც ისე ბევრი რამ. მთავარი სიახლე ისაა, რომ ავტომობილი ოთხკარიანია. თუ ამ ორი ავტომობილის შედარებას მოისურვებთ, ბევრ მოდიფიცირებულ დეტალს ნახავთ. მაგრამ საერთო ჯამში, ფუნდამენტური პრინციპებით, მათ შორის უფრო მეტ მსგავსებას აღმოაჩენთ“, – ბრიტანულ პრესასთან საუბრისას განაცხადა პალმერმა.

ახლახანს გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერ ავტომობილ Valkyrie-ს მსგავსად, ქროსოვერსაც გარე სარკეების ნაცვლად კამერები ექნება. თუმცა Aston Martin-ს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია. თუ ამ ავტომობილსაც სარკეები არ ექნება, თავისუფლად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ კომპანიის ყოველი შემდგომი ახალი ავტომობილი სარეკეების ნაცვლად, კამერებით აღიჭურვება.

ქროსოვერი DBX ბაზარზე 2019 წელს უნდა გამოვიდეს. ცნობილია, რომ ის Aston Martin-ის წარმოების 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 და 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავებით აღიჭურვება. პირველი 503 ცხენის ძალას და 695 ნიუტონმეტრს იძლევა, მეორე კი – 600 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს.