დღეს ლონდონში ჯეიმს ბონდის 24-ე ფილმის, „სპექტრისთვის“ განსაკუთრებული დღეა – საზოგადოებამ ლეგენდარული აგენტის მორიგი ავტომობილი, სპეციალურად მისთვის შექმნილი „ასტონ მარტინ DB10“ გაიცნო. პრემიერა კინოსტუდია „პეინვუდ სტუდიოს“ დარბაზში მოეწყო. რა თქმა უნდა, პრემიერას იან ფლემინგის ნოველის გმირების როლების შემსრულებლები, მათ შორის ბონდი – დანიელ კრეიგი დაესწრო.

ახალ ფილმში ბონდის ავტომობილზე ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზოგი მათგანი აგენტს „ფიატ 500-ში“ სვამდა, ზოგი კი – „რეინჯ როვერ სპორტში“, რადგან ამ ავტომობილის ნიუ იორკულ პრეზენტაციაში, „რეინჯ როვერის“ სახემ, დანიელ კრეიგმაც მიიღო მონაწილეობა. ერთი ვერსიით, აგენტი ისევ „ასტო მარტინის“ ერთგული რჩებოდა, ოღონდ მის ავტომობილად DB9-ს მოიხსენიებდნენ.

მაგრამ „ასტონ მარტინმა“ სპეციალურად შექმნილ ავტომობილს DB10 დაარქვა. ეს რიცხვი ალბათ იმ მარტივი მიზეზის გამო შეირჩა, რომ ის მხოლოდ 10 ცალი დამზადდება და ყველას ფილმის გადაღებისას გამოიყენებენ. ავტომობილი რა თქმა უნდა, „ასტონ მარტინის“ ინჟინრების და დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა, რომლებსაც მარეკ რაიხმანი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, შემუშავების პროცესში ფილმის დირექტორი სემ მენდესიც ჩართული იყო, ვინც ჯგუფისგან ლეგენდარული აგენტისთვის საუკეთესო ავტომობილს მოითხოვდა.

მართალია, ათივე DB10 მხოლოდ ფილმისთვის დამზადდა, მაგრამ ბრიტანული კომპანია ამბობს, რომ დიზაინერებმა ბონდის ავტომობილის გარეგნობაში, „ასტონ მარტინის“ შემდეგი თაობის ავტომობილების სტილის ელემენტები ჩააქსოვეს. DB10-ის აღჭურვილობაზე არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, მის მოძრაობასV12 ძრავი უზრუნველყოფს.

„სიმბოლურია, რომ იმავე წელს, როცა აგენტ 007-თან პარტნიორობის 50 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ამ მშვენიერ ავტომობილს წარმოგიდგენთ, რომელიც სპეციალურად ჯეიმს ბონდისთვის შევქმენით. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს სპეციალური პროექტი ჩვენთან, გეიდონში შეიქმნა“, – განაცხადა „ასტონ მარტინის“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა ენდი პალმერმა.

„სპექტრი“ მსოფლიოს კინოთეატრების ეკრანებზე 2015 წლის 6 ნოემბერს გამოვა.