Aston Martin-მა გადაწყვიტა, რომ ახალი ქარხანა უელსში, სენტ ეითენში ააშენოს. ეს იქნება მისი მეორე ქარხანა გეიდონის შემდეგ და იქ თავის ისტორიაში პირველ ქროსოვერს გამოუშვებს. საინტერესოა, რომ ბრიტანული კომპანია ახალი ქარხნის ადგილად ბევრ ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის, ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთშიც კი. თუმცა საბოლოოდ უელსი შეირჩა.

Aston Martin St Athan (14)

ახალი ქარხნისთვის „ასტონ მარტინი“ ნაწილობრივ იმ ნაგებობებს გამოიყენებს, რომლებიც ამჟამად ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და ის პირველ ავტომობილს 2020 წელს გამოუშვებს. თავიდან იქ დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდება, შემდგომში კი სამუშაო ადგილების რიცხვი 3000-ს მიაღწევს. ქარხანაში 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირება იგეგმება.

Aston Martin St Athan (17)

აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნისთვის ადგილის შერჩევისას, „ასტონ მარტინს“ პარტნიორობა ბრიტანეთის მთავობამ გაუწია, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ ახალი სამუშაო ადგილები ბრიტანეთში შექმნილიყო და არა სხვაგან. კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ენდრიუ პალმერმა განაცხადა, რომ სულ ოცზე მეტი ადგილი განიხილებოდა, რომელთა უმეტესობაც საზღვარგარეთ მდებარეობს.

Aston Martin-მა ასევე გამოაცხადა, რომ თავისი ახალი მოდელის, DB11-ის წარმოებას შემოდგომაზე დაიწყებს. ამასთან, კომპანია მთელი თავისი სამოდელო გამის განახლებას აპირებს. რაც შეეხება ქროსოვერს, მისი კონცეპტუალური ვერსია, სახელად DBX (ფოტოზე), ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ეს არის ორკარიანი, ოთხადგილიანი, სრულ ამძრავიანი ქროსოვერი, რომლის ყველა ბორბალსაც თითო ელექტრო ძრავი ემსახურება. ეს ავტომობილი ელექტრიფიკაციის მაღალი დონით გამოირჩევა, თუმცა დიდი ალბათობით, სერიული ვერსია შიდაწვის ძრავით აღიჭურვება და მას შეთანწყობაც ტრადიციული ექნება.

Aston Martin St Athan (15)

Aston Martin St Athan (11)