Aston Martin-მა საკუთარ ტვიტერზე გამოაცხადა, რომ ჰიპერ ავტომობილ AM-RB 001-ზე, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდ „რედ ბულთან“ პარტნიორობით შეიმუშავა, უკვე ამოწურა შეკვეთების სრული პაკეტი. ამ ავტომობილის სულ 150 საგზაო ვერსიის და 25 ცალი სატრეკო ვერსიის გამოშვება იგეგმება, ბრიტანულმა კომპანიამ კი 450 განაცხადი მიიღო.

ჰიპერ ავტომობილი AM-RB 001 (AM – ასტონ მარტინი, RB – რედ ბული) თავისი წარმოუდგენელი ტექნიკური და დინამიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ავტომობილი V12 ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომელიც 6.0 ან 7.0-ლიტრიანი იქნება. ის უკანა ბორბლებს დაატრიალებს. ძრავთან წყვილში ენერგიის აღდგენის სისტემა KERS-ი იმუშავებს. მათი ჯამური სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალას მიაღწევს. ეს მაშინ, როცა ავტომობილის წონა 1 000 კილოგრამის ფარგლებში უნდა იყოს.

ასეთი მონაცემების წყალობით, AM-RB 001-ს ფორმულა 1-ის ავტომობილის დარი მონაცემები ექნება. კარგად გათვლილი აეროდინამიკის წყალობით, მოსახვევში ავტომობილის ჩაჭიდება 1800 კილოგრამსაც კი მიაღწევს (სიჩქარეს გააჩნია). მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ის ფარგლებში იქნება. ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი სამ წამზე ნაკლები დასჭირდება.

ავტომობილი დაკიდების აქტიური სისტემით არის აღჭურვილი, რაც პილოტს ასეთი სიმძლავრის და სიჩქარის უკეთ გამკლავების საშუალებას მისცემს. ამ საქმეში აეროდინამიკაც თავის საქმეს აკეთებს. ის ამ საქმის გურუს, „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის მონაწილეობით არის შემუშავებული.

და რა თქმა უნდა, ასეთი მონცემები ძალიან ძვირად ფასობს. Aston Martin-ი თითოეულ ჰიპერ ავტომობილს 3 მილიონ დოლარად გაჰყიდის. შემკვეთებისთვის ავტომობილების მიწოდება 2019 წელს დაიწყება.