ახალი ჰიპერ ავტომობილი, რომელსაც Aston Martin-ი და ფორმულა 1-ის გუნდ Red Bull-ის სახელოვანი ინჟინერი ედრიან ნიუი შეიმუშავებენ, 1000-ცხენისძალიანი აგრეგატით აღიჭურვება. ამ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “იალოპნიკი”. პროექტის კოდური სახელია AM-RB 001. ამასთან, მას ასევე Nebula-საც უწოდბენ, რაც ციური ნისლეულის სახელია.

ახალი ჰიპერ ავტომობილი 7.0-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვიც 10 000 ბრ/წთ-ს მიაღწევს. ასეთი მონაცემების ძრავით ამჟამად აღჭურვილია სუპერ ავტომობილი Aston Martin Vulcan, რომელსაც ის 800 ცხენის ძალას ანიჭებს.

Aston Martin’s 1000 HP Hypercar 1

გარეგნულად, ახალ ავტომობილში ადვილად ამოიცნობთ Aston Martin-ს. იმავდროულად, მას ფორმულა 1-ის ბოლიდის ელემენტებიც ექნება, რომლებიც დახვეწილ აეროდინამიკას უზრუნველყოფენ. სამაგიეროდ, მას არ ექნება უკანა ანტი ფრთა. სალონში ადგილების რაოდენობა 1+1, რაც იმას ნიშნავს, რომ სამგზავრო სავარძელი, პილოტის უკან მოთავსდება. ნიუის გარდა, ვინც Red Bull-მდე, Williams-ის და McLaren-ის ბოლიდებს ამზადებდა, პროექტზე Aston Martin-ის მთავარი დიზაინერი მარეკ რაიხმანიც მუშაობს.

Aston Martin-მა ახალი ავტომობილის დიზაინი უკვე წარადგინა დახურულ ჩვენებაზე, სადაც ბრიტანულმა კომპანიამ თავისი ყველაზე გამორჩეული კლიენტები მიიწვია. მათ შორის, One-77-ის და Vulcan-ის მფლობელები. ახალი ჰიპერ ავტომობილი დაახლოებით 3.3 მილიონი ევრო ეღირება და მას მხოლოდ 99 ცალს გამოუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ავტომობილის შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა დაახლოებით 200-მა კლიენტმა.