პოზნანის მოტორ შოუზე, პოლონურმა კომპანია „არინერა ავტომოტივმა“ თავის სუპერ ავტომობილ „ჰუსარიას“ სატრეკო ვერსია წარადგინა, რომელიც გარეგნული სიახლეებით და გაზრდილი სიმძლავრით გამოირჩევა. გარდა ამისა, მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, საგზაო ვერსიაზე მსუბუქიცაა.

ისევე როგორც სერიული „ჰუსარია“, მისი სატრეკო ვერსიაც „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების ძრავით აღიჭურვა. ოღონდ, თუ სერიულის შემთხვევაში, 6.2-ლიტრიანი V8 აგრეგატი 650 ცხენის ძალას და 818 ნიუტონმეტრს იძლევა, სატრეკო ვერსია ასევე გენერლების წარმოების, ოღონდ 8.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 800 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, ძრავი ბაზაშია განლაგებული და უკანა ბორბლებს ატრიალებს.

Arrinera Hussarya

პოლონური კომპანია არ გვიმხელს არც ტრანსმისიის ტიპს და არც სატრეკო „ჰუსარიას“ დინამიკურ მახასიათებლებს. ცნობისათვის, საგზაო სუპერ ავტომობილზე, ძრავთან წყვილში რობოტიზებული ტრანსმისია მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, საგზაო „ჰუსარიას“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ია.

შასის სრულყოფის პროცესში, მონაწილეობა ლი ნოუბლმა მიიღო, ვინც თავის დროზე, სუპერ ავტომობილ „ნოუბლის“ გამოშვებით გაითქვა სახელი. რა ტიპის მოდერნიზაცია ჩაუტარდა შასის, ამაზე შოუს დროს არაფერი თქმულა. სამაგიეროდ გამოცხადდა, რომ სატრეკო ავტომობილი მხოლოდ 33 ცალი დამზადდება. თუმცა, როგორც „არინერა ავტომოტივი“ ირწმუნება, მისი შეძენის მსურველი გაცილებით მეტია.

Arrinera Hussarya