ბრიტანული კომპანია „არიელ მოტორი“ თავის სატრეკო მოდელ „ატომითაა“ ცნობილი, ამიერიდან კი, უგზოობაში ექსტრემალური მართვის მოყვარულებსაც გაუხარებს გულს. ბირმინგემში ჩატარებულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე, კომპანიამ თავისი სიახლე, ბაგის ტიპის უგზოობის „ნომადი“ წარადგინა, რომელიც „ატომის“ ბაზაზეა აგებული.

„არიელ ნომადის“ გაბარიტებია: სიგრძე 3215 მილიმეტრი, სიგანე 1850 მილიმეტრი, სიმაღლე 1425 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2348 მილიმეტრია, ავტომობილი 670 კილოგრამს იწონის. მისი მზიდი სტრუქტურა, იმავდროულად დამცავი კარკასის როლსაც ასრულებს, რამაც ინჟინრებს წონის დაზოგვის საშუალება მისცა.

მართალია, სატრეკო „ატომის“ ბაზაზეა აგებული, მაგრამ „ნომადს“ მისგან განსხვავებული დაკიდების სისტემა აქვს. გაიზარდა კლირენსი, დრეკად ელემენტებად კი „აიბახის“ ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული ზამბარების და „ბილშტაინის“ ამორტიზატორების წყვილები გამოიყენეს. ბორბლები 15-დუიმიანია და ოთხივე მათგანი 235/75 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

Ariel-Nomad-2

„არიელ ნომადი“ „ჰონდა აკორდისგან“ აღებული 2.4-ლიტრიანი ატმოსფერული ოთცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 235 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან ჰიდრავლიკური ქუროთი, 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელსაც „დამოკლებული“ საფეხურები აქვს. ამ ტანდმის დახმარებით, ავტომობილს ასამდე აჩქარება 3.4 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ზე მეტია.

მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ 18-დუიმიან ბორბლებს როგორც ასფალტის, ასევე უგზოობის ბორბლებით, „ტომტომ რაიდერის“ GPS ნავიგაციას, საქარე შუშას გამათბობლით, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მაჩვენებლების დაფას. „ნომადის“ წარმოება წელს დაიწყება, მისი საბაზო ფასი კი 27 500 გირვანქა სტერლინგი იქნება.

http://autopanoramaf2.blogspot.com