კომპანია Apple კვლავ საიდუმლო ვითარებაში აგრძელებს მუშაობას ავტონომიურ ტექნოლოგიებზე. თუმცა, გამოცემა “ნიუ იორკ ტაიმსისთვის” პროექტის ზოგიერთი ნიუანსი გახდა ცნობილი.

ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ Apple თვითმავალი შატლების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებს, კომპანიისვე შენობებს შორის გადაიყვანს. შატლები რომელიმე (ჯერჯერობით დაუზუსტებელია) საავტომობილო კომპანიის მოდელის ბაზაზე დამზადდება. შესაბამისად, პარტნიორი კომპანია Apple-ს ავტონომიური სისტემებით ისარგებლებს.

რამდენიმე წლის წინათ, Apple სერიოზულად ცდილობდა საავტომობილო ბიზნესის დაწყებას. მიზანი Tesla-ს მსგავსი კომპანიის შექმნა და ელექტრომობილების წარმოება იყო. პროექტს Titan-ი დაარქვეს და მასზე სამუშაოდ, სხვა კომპანიებიდან არაერთი ძლიერი სპეციალისტი გადაიბირეს. მაგრამ შარშან ცნობილი გახდა, რომ გეგმა შეიკვეცა და ახლა უკვე მხოლოდ ავტონომიურ ტექნოლოგიებზე გრძელდება მუშაობა.

Apple მალე აამოქმედებს შატლის სერვისს, რომელიც PAIL-ის სახელით არის ცნობილი. ეს იშიფრება, როგორც პალო ალტო-ინფინიტ ლუპ. ამ მარშრუტით, კომპანიის თანამშრომლები კუპერტინოში მდებარე მთავარი ოფისიდან პალო ალტომდე მგზავრობას შეძლებენ. ეს სერვისი ჯერ არ მოქმედებს და შესაძლოა, Apple ის სატესტო პლატფორმად გამოიყენოს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების სატესტო ლაბორატორიის მოვალეობასაც შეასრულებს.

პარალელურად, აპრილში April-მა შტატ კალიფორნიის ხელისუფლებისგან მიიღო სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ავტონომიური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამი Lexus RX-ის ტესტები, საერთო სარგებლობის გზებზე ჩაატაროს.