ამ ავტომობილზე რას აღარ ყვებიან ინფორმაციების წყაროები. ამ ესკიზზე გამოსახული სუბიექტი ავტომობილს „ძნელად“ ჰგავს, მაგრამ მთავარია, რომ მას Apple-ს ემბლემა ამშვენებს. თან, ის აეროდინამიკურად ძალიან დახვეწილია. რა თქმა უნდა, კომპიუტერული გიგანტი ელექტრომობილზე მუშაობს და როგორც ახალი ინფორმაციები გვატყობინებს, ეს იქნება ავტონომიური ელექტრომობილი. და როგორცა ჩანს, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ახალი ინფორმაციით, მისი პრემიერა 2021 წლისთვის გადაიდო.

იმას, რომ Apple ავტომობილზე მუშაობს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომპანიამ ბევრი საავტომობილო სპეციალისტი მიიზიდა, რომლებსაც დიდი ხანია დაწყებული აქვთ მუშაობა პროექტ Titan-ზე, როგორც კომპანიაში თავიანთ პირველ ავტომობილს ამ ეტაპზე უწოდებენ. თავიდან იყო ვარაუდი, რომ ბაზარზე ამ ავტომობილის დებიუტი 2020 წელს გაიმართებოდა, მაგრამ ახალი ინფორმაციით, პრემიერა ერთი წლით გვიან ჩატარდება.

სხვათა შორის, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს დამაარსებლის და მფლობელის, ელონ მასკის თქმით, Apple-ს ავტომობილი, დროის ტყუილად კარგვაა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმა ამაში, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ლაპარაკია იმ უზარმაზარ თანხებზე, რომლებიც საავტომობილო ინდუსტრიაში შეღწევასა და მითუმეტეს, დამკვიდრებას სჭირდება. Tesla უკვე რამდენიმე წელია, რაც ავტოსამყაროს წევრი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ელექტრომობილები სოლიდური მოთხოვნით სარგებლობს, არაერთხელ წააწყდა ფინანსურ პრობლებემს. სხვათა შორის, ახლახანს კომპანიის გიგაქარხანამ, რომელიც კალიფორნიის უდაბნოში შენდება, უკვე გახსნა კარი.

თუ Tesla-მ დამოუკიდებლად დაიწყო, Apple-მა თავიდან სხვა გზა აირჩია. ამერიკული გიგანტი თავიდანვე BMW-სთან და Daimlerთან თანამშრომლობდა, თუმცა ახლახანს ორივესთან გაწყვიტა პარტნიორული ურთიერთობა. როგორც ჩანს, პირველი ავტომობილის წარმოების დაწყების გადადება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

ასეა თუ ისე, Apple Car-ი თანდათან იკვლევს გზას დიდ საავტომობილო სამყაროში და ადრე თუ გვიან, მისი წევრი გახდება. მას არც ფინანსების ნაკლებობა აქვს და არც მონდომების. ავტომობილების წარმოების სურვილი ჯერ კიდევ Apple-ის დამაარსებელ სტივ ჯობსს ჰქონდა და მართალი, თვითონ მის ასრულებას ვერ მოესწრო, თუმცა ამას მისი კომპანიონები გააკეთებენ.