შესაძლოა, ეს თანხა მეტისმეტია, მაგრამ ფაქტია, ამაზონთან გაფორმებული კონტრაქტით, Top Gear-ის  წამყვანი სამეული – ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი, თავიანთ გუნდთან ერთად, სწორედ 250 მილიონ დოლარს მიიღებენ. ეს თანხა მათ სამი სეზონის 36 ეპიზოდზე უნდა „იმყოფინონ“. თითო გადაცემაზე 6.9 მილიონი დოლარი მოდის.

ამ თანხას მთელი გუნდი მიიღებს, მათ შორის „ტოპ გიარის“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ენდი უილმანი, ასევე ოპერატორები, რეჟისორი, მათი ასისტენტები. ფული დაიხარჯება ეკიპირებასა და ტრანსპორტზე. მოკლედ, ყველანაირ ხარჯებს მოხმარდება, მათ შორის, სტუდიის დაქირავებასა და მოწყობაზე. „ამაზონის“ კონტრაქტის „ბიბისის“ გადაცემა „ტოპ გიარის“ ბიუჯეტთან შესადარებლად, კლარკსონმა ასეთი რამ განაცხადა: „ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ბიპლანიდან კოსმოხურ ხომალდში გადავჯექი“.

Hammond-May-and-Clarkson-3

„ტელეგრაფთან“ ინტერვიუსას, უილმანი ამბობს, რომ „ბიბისის“ გადაცემაზე მუშაობისას, „ტოპ გიარის“ ჯგუფი თითქმის ვერასდროს ეტეოდა ბიუჯეტში. მისი თქმით, ცალკეული გადაცემების ბიუჯეტი ექვსნიშნა რიცხვს აღწევდა, მაგრამ „ბიბისი“ ყოველთვის ახერხებდა ხარჯის ამოღებას, რადგან გადაცემა 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. მაგრამ წამყვანების ანაზღაურება, გადაცემის წარმატების პროპორციულად არ იზრდებოდა.

„ამაზონი“ იმედოვნებს, რომ ახალი გადაცემის დახმარებით, ახალი კლიენტების მოზიდვას შეძლებს, რაც ბაზარზე „ნეტფლიქსთან“ კონკურენციაში დაეხმარება, რომელსაც ბრიტანეთში „ამაზონზე“ ოთხჯერ მეტი გამომწერი ჰყავს. მერკეტოლოგთა გამოკვლევის მიხედვით, ამჟამად ბრიტანელების 4 პროცენტს „ამაზონი“ აქვს გამოწერილი, 16 პროცენტი კი „ნეტფლიქსის“ კლიენტია.

ახალი პროგრამა, „ამაზონის“ პრემიუმ პროგრამის სახით, მომავალი წლიდან გამოვა. „ამაზონის“ პრემიუმ პროგრამა „პრაიმ ინსტანტ ვიდეო“ ბრიტანელებისთვის 79 გირვანქა სტერლინგად არის ხელმისაწვდომი, ამერიკელებისთვის 99 დოლარი ღირს, ევროპელებისთვის კი – 49 ევრო. შედარებისთვის, „ნეტფლიქსის“ წლიური გამოწერა 72-დან 108 გირვანქა სტერლინგამდე ღირს.