General Motors-მა ლეგენდარული Hummer-ის ბრენდით უგზოობის მოდელების წარმოება შვიდი წლის წინათ შეწყვიტა, თუმცა იმ ავტომობილს, რომლითაც ეს ბრენდი ცნობილი გახდა, ახლაც აწარმოებენ. ლაპარაკია Hummer H1-ზე, რომლის წარმოებასაც კვლავ აგრძელებს AM General-ი, კომპანია, რომლის შესყიდვითაც გენერლებმა სამხედრო Humvee სამოქალაქო გზებზე გამოიყვანეს.

ახლახანს AM General-მა 550-მილიონდოლარიანი შეკვეთა მიიღო, რომლის თანახმადაც 3 000 ცალი H1 უნდა დაამზადოს. შემკვეთი თვით პენტაგონია, რომელიც ამ ავტომობილს თავისთვის დიდი ხანია, აღარ უკვეთავს. მაგრამ „ჰამვი“ ჯერაც პოპულარულია ამერიკის მოკავშირეებს შორის. მათ შორის, ავღანეთში, ერაყში, უკრაინაში, სლოვენიაში, ბაჰრეინში, კოლუმბიაში, ბოსნიასა და კენიაშიც.

სულ კი ამერიკულ კომპანიას ქვეყნის არმიისგან 2.2 მილიარდი დოლარის შეკვეთა აქვს მიღებული, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში შეასრულებს. საერთო ჯამში, მას 11 560 ავტომობილის დამზადება მოუწევს. ერთი შეხედვით, ეს ბევრი არაა, თუმცა GM-ის მიერ Hummer-ის ბრენდით სულ წარმოებულ სამოქალაქო ავტომობილების რიცხვს მაინც დაახლოებით ორჯერ აღემატება. AM General-ის მიერ წარმოებული სამხედრო მანქანის (მისი სახელია HMMWVs, ანუ ჰაი მობილიტი მულტიპურპოუს უილედ ვიიქლზ) თითოეული ეგზემპლარი 190 000 დოლარი ღირს.

AM General-მა ლეგენდარული Humvee-ს წარმოება 1992 წელს დაიწყო. მოგვანებით, კომპანიამ მის ბაზაზე Hummer H1 გამოუშვა, რომელმაც ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალში მიიღო მონაწილეობა. 1999 წელს კომპანია General Motors-მა შეისყიდა, რომელმაც სამოდელო გამა გააფართოვა და Hummer H2 და ყველაზე პატარა Hummer H3 გამოუშვა. მაგრამ ფინანსური კრიზისის დროს, იმ დროს ჯერ კიდევ მსოფლიოს უდიდესმა ავტო კომპანიამ „ჰამერების“ წარმოება შეაჩერა. ეს 2009 წელს მოხდა, როცა გენერლებმა კრახს თავი მართვადი გაკოტრების რეჟიმის დახმარებით დააღწიეს. Hummer-ის გარდა, მათ ასევე ისეთი ძველი ბრენდებიც დახურეს, როგორებიცაა Pontiac-ი და Oldsmobile.

მაგრამ AM General-მა სამხედრო დანიშნულების HMMWV-ს წარმოება დამოუკიდებლად გააგრძელა. მის გარდა, ეს კომპანია ასევე სხვადასხვა დანიშნულების, სამხედრო და სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს. მათ შორის, Mercedes-Benz-ისთვის R-Class-ს.