რენოს მიერ აღდგენილი კომპანია „ალპინი“, ლე მანის რბოლის დღეებში, სარტეს ავტოდრომზე, თავის ახალ კონცეპტუალურ სპორტულ ავტომობილს წარადგენს. გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი მომავალი სერიული მოდელის წინამორბედია, რომელიც ბაზარზე კონკურენციას „აუდი TT-ს“ და „პორშე ბოქსტერს“ გაუწევს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ალპინის“ ახალი ავტომობილი, 250-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება, მისი საწყისი ფასი კი 30-35 ათასი ევროს ფარგლებში იქნება. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ფრანგული კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დირექტორ კარლოს გონის ინიციატივით, „ალპინის“ აღსადგენად, „რენომ“ 600 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

„ალპინის“ შეფ ბერნარ ოლივიეს ნათქვამი აქვს, რომ მისი კომპანია პირველი ავტომობილის წარმოებას მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს. ავტომობილს დიეპის ქარხანა გამოუშვებს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა მოდერნიზაცა. წლიურად დაახლოებით 3000 ცალი სპორტქარის წარმოება იგეგმება. შემდგომში კი წარმოების მოცულობა 5000-მდე მოიმატებს.

მომავალში „ალპინი“ სამოდელო გამას გააფართოებს, ახალი ავტომობილები კი კონკურენციას „პორშეს“ 911-ს და „პანამერას“ გაუწევენ. თავისი მიზნების მისაღწევად, „რენო“ თავისი თანაალიანსელი „ნისანის“ და პარტნიორი „მერსედეს-ბენცის“ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. უფრო შორეულ მომავალში კი „ალპინი“ ქროსოვერების წარმოებასაც დაიწყებს.

„ალპინმა“ თავისი პირველი კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი, სახელად „ალპინ A110-50“ 2012 წელს, მონაკოში წარადგინა (ფოტოზე). ეს ავტომობილი 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას და 422 ნიუტონმეტრს იძლევა. მასთან წყვილში კი 6-ხსაფეხურიანი სეკვენტალური ტრანსმისია მუშაობს.