მე-4 სერიის BMW სპორტული მოდელების მოყვარულებს ადვილად ხიბლავს. ამაზე უკეთესია მისი M ვერსია. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სურს, რომ ამ მოდელის კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას ფლობდეს. სწორედ ასეთებისთვის სატუნინგო კომპანია Alpina-მ 4-Series საკუთარი ვერსია შეიმუშავა. ამ ავტომობილის სახელია Alpina B4 S Bi-Turbo და მისი პრემიერა ახლახანს, აბუ დაბიში გაიმართა.

კუპე ახალი აეროდინამიკური ელემენტებით არის ეკიპირებული. მათ შორისაა წინა სპლიტერი და საბარგულის კიდეში განლაგებული მომცრო სპოილერი. ავტომობილი მწვანე (რალი გრინ) ფერშია შეღებილი. მას ასევე გამოარჩევს ალუმინის მრავალწკირიანი ბორბლები, რომლის წკირებს შორისაც კარგად ჩანს ლურჯი ფერის სამუხრუჭე დამჭერები.

ექსტერიერი Alpina-ს მიერ არის შესრულებული, ინტერიერზე კი თავად BMW-მ იზრუნა. სალონში ყურადღებას იქცევს მწვანე ფერის ნაკერები, რომლებიც საჭის რგოლს ამშვენებს, ასევე ლურჯი ფერის მაჩვენებლების დაფა. ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილში დამაგრებულია დაფა, რომელიც მფლობელს ახსენებს, რომ ის განსაკუთრებულ ავტომობილს მართავს.

დაბოლოს, ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ექვსცილინდრიანი ძრავი უზრუნველყოფს, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 440 ცხენის ძალას და 660 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს კი 9 ცხენის ძალით და 56 ნუტონმეტრით მეტია ამავე ძრავის იმ ვერსიის მაჩვენებლებზე, რომლითაც BMW M3 და M4 არის აღჭურვილი. ამ მახასიათებლებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევისთვის 3.9 წამი ჰყოფნის.