ფერნანდო ალონსოს გადაწყვეტილების მიღება გაუჭიანურდა. და ამის კვალობაზე, მის მომავალზე სულ უფრო მეტსა და მრავალფეროვან ინფორმაციას – ჭორ-მართალს ვგებულობთ. მაგალითად, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფ1-ის ორგზის ჩემპიონს, მომავალ სეზონში ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაც სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენს“ არ სურს ლე მანზე თავისი სუპერ ვარსკვლავის გაშვება. არადა, ამის საშუალებას, ფ1-ის და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატების კალენდრები იძლევა. ამ ინფორმაციის შესაბამისად, ალონსოს „მაკლარენში“ გადასვლის გაჭიანურების მიზეზი ესეცაა.

ესპანელი მრბოლი გასულ სეზონში ლე მანის 24-საათიან და ბაჰრეინის 6-საათიან რბოლებს დაესწრო და ძალიან მოეწონა. ლე მანზე მას სასტარტო დროშის აფრიალების საპატიო უფლებაც ჰქონდა. ლე მანზე მას ავსტრალიელი მარკ ვებერიც ეპატიჟება, რომელიც ახლახანს, სან პაულუს რბოლისას მძიმე ავარიაში მოჰყვა და მცირე ტრავმებით გადარჩა. ვებერს სურს, რომ ალონსომ ლე მანზე „პორშეს“ ჰიბრიდული პროტოტიპით იასპარეზოს.

„პორშემ“ ახლახანს გამოაცხადა, რომ ლე მანზე მესამე ეკიპაჟსაც გამოიყვანს. ამ ეკიპაჟისთვის კი პირველი პილოტი უკვე შეარჩია – „ფორს ინდიას“ ნიკო ჰულკენბერგი. სავარაუდოდ, გერმანულ კომპანიას სურს, რომ მესამე ეკიპაჟში ფ1-ის მოქმედი პილოტები ჰყავდეს.

ამ ინფორმაციის წყაროს ცნობით, „ჰონდას“ ალონსოს ლე მანზე ასპარეზობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. იქ ესპანელს სწორედ იაპონური კომპანიის კონკურენტის, „ტოიოტას“ წინააღმდეგ მოუწევს გამოსვლა. მაგრამ „მაკლარენის“ შემთხვევაში, სხვა სიტუაციაა – საგზაო ავტომობილების ბიზნესში, „პორშე“ სწორედ „მაკლარენის“ უშუალო კონკურენტია.

რაც შეეხება „მაკლარენის“ საბოლოო გადაწყვეტილებას, უოკინგელები მას ალბათ ამ კვირაში გამოაქვეყნებენ.