Alfa Romeo-ს სედან Giulia-ს ყველაზე ტემპერამენტიანმა ვერსია Quadrifoglio-მ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე, სედანების რეკორდი გააუმჯობესა. მისი შედეგია 7 წუთი და 32 წამი, რაც 6 წამით ნაკლებია წინა რეკორდზე, რომელიც Porsche Panamera Turbo-თი დამყარდა. რეკორდსმენი ავტომობილის საჭეს მილანური კომპანიის ტესტ პილოტი ფაბიო ფრანჩა მართავდა.

უნდა ითქვას, რომ Panamera Turbo-მ რეკორდი Giulia Q-ვე ჩამოართვა, ოღონდ ეს იყო ვერსია მექანიკური კოლოფით. ამჯერად კი რეკორდსმენი ნახევრად ავტომატური 8-საფეხურიანი კოლოფით (ZF-ის წარმოების) აღჭურვილი Giulia Q გახდა, რომლის კაპოტის ქვეშაც 2.9-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავია განლაგებული. ის 510 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს ავითარებს.

alfa-romeo-giulia-q-8-speed-auto-sets-732-nurburgring-record-porsche-to-reply-111058_1

ეს რეკორდები რომელიმე ოფიციალურ ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია, თუმცა Porsche-ს ინფორმაციაში ეწერა, რომ Panamera-მ „მწვანე ჯოჯოხეთზე“ ლუქს სედანების რეკორდი დაამყარა. შესაბამისად, Giulia Q-ს რეკორდიც ამავე კლასისა უნდა იყოს. ახლა ჯერი Porsche-ზეა, რომელსაც პასუხის გასაცემად „მჭიდში“ Panamera Turbo S მოეპოვება.

სხვათა შორის, ცუფენჰაუზენელებმა ახალი Panamera-ს პრეზენტაციაზე გამოაცხადეს, რომ ახალი სედანი „რინგს“ ისევე სწრაფად გაივლის, როგორც მათი სპორტული სუპერ ავტომობილი. არ დაუზსტებიათ, თუმცა შესაძლოა Carrera GT იგულისხმეს, რომლის დროც 7 წუთი და 28 წამია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დრო Giulia Q-ს რეკორდისგან შორს არცაა. ცნობისათვის, 997-თაობის 911 Turbo S-ის დროა 7:32, იმავე თაობის GT2-ისა კი – 7:31.