ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსის საუკეთესო ჟიურიმ, შოუს საუკეთესო ავტომობილად, 1931 წელს გამოშვებული „ალფა რომეო 8C 2300 ძაგატო“ დაასახელა. ავტომობილი ამერიკელ კოლექციონერ დევიდ სიდორიკს ეკუთვნის, რომელიც ატელიე „ძაგატოს“ მიერ წარმოებული ავტომობილების ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას ფლობს.

მის კოლექციას ამშვენებს 1956 წლის „ფერარი 250 GTZ“, 1960 წლის „ასტონ მარტი DB4 GTZ“ და 1963 წლის „ალფა რომეო TZ“ – ყველა მათგანის ძარა „ძაგატოს“ მიერაა დამზადებული. კონკურსის გამარჯვებული „ალფა რომეო 8C 2300 ძაგატო“ ერთ-ერთი უძველესია იმ ავტომობილებს შორის, რომლებსაც იტალიური ატელიეს მიერ დამზადებული ძარა აქვს.

„ალფა 8C“ იყო „ალფა რომეო 6C 1750-ის“ შემცვლელი. ის აღჭურვილია 2.3-ლიტრიანი ერთრიგა რვაცილინდრიანი ძრავით. ეს იყო სარბოლო ავტომობილი, რომელიც მხოლოდ „ალფა რომეოს“ გუნდისთვის შექმნეს. თუმცა მოგვიანებით, მისი შასი კერძო გუნდებსაც მიჰყიდეს. შასის მფლობელებმა ძარის წარმოებაზე სპეციალიზებულ ატელიეებს მიმართეს, ერთ-ერთი მათგანი კი „ძაგატო“ იყო.

სწორედ „ძაგატოს“ ძარით აღჭურვილი შასი მოეწონ ენცო ფერარის, რომელსაც საკუთარი სარბოლო გუნდი „სკუდერია ფერარი“ ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდა. მან „ძაგატო“ ტექნიკური პარტნიორად აირჩია, რადგან ატელიე მსუბუქი და აეროდინამიკური ძარების წარმოებით იყო ცნობილი. სწორედ ამ მიზეზების გამო, „8C 2300 ძაგატო“ თავისი დროის დიდ რბოლებში, მათ შორის, მილე მილიაზე, ლე მანის 24 საათზე, ტარგა ფლორიოსა და სპას 24 საათზე, დომინრებდა.