ლონდონის ჩრდილო დასავლეთ რეგიონში მდებარე ამ ქუჩის სახელს, ლეგენდარული „ბითლზის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალბომი ატარებს და ამიერიდან, მისი სეხნია, „ლენდ როვერის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი – „რეინჯ როვერ ევოუკი“ გახდება. უფრო სწორედ, ამ მოდელის ვერსია, რომელსაც მეტსახელად NW8-ს მიუწერენ, რაც ქუჩა ები როუდის საფოსტო ინდექსია.

„რეინჯ როვერ ევოუკ NW8-ს“ პრემიერა ახლახანს მონრეალის (კანადა) ავტო შოუზე გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ავტომობილი „ევოუკის“ ვერსია „დაინემიკის“ ბაზაზეა შემუშავებული. ეს არის მესამე ვერსია სერიიდან „ინსპაირედ ბაი ბრიტენ“, რომელიც ბრიტანეთის ღირსშესანიშნაობებს ეძღვნება.

Range-Rover-Evoque-NW8-4

„ევოუკ NW8-ს“ ორ ფერში გამოაწყობენ. მათგან ძირითადია „ფუძი უაით“ (ფუძი მთაა იაპონიაში), მას კი „ფირენცე რედ“ (ფლორენციული წითელი) შეუხამდება. კონკრეტულად, წითელია ავტომობილის სახურავის ნაწილი, გარე სარკეების კორპუსები და რადიატორის თავზე გამოსახული წარწერა Range Rover. რაც შეეხება 20-დუიმიან ბორბლებს, ისინი შავად (ნარვიკ ბლექს – ნარვიკი ქალაქია ნორვეგიაში) არის შეღებილი. გარეგნბაში სხვა სიახლეებია დამუქებული მთავარი და სანისლე ფარები, წინა ბორბლების უკან განლაგებული შავი ფერის ჰაერის გამომშვები „ლაყუჩები“ და რადიატორის ცხაური.

იგივე ფერები ინტერიერშიც შეგხვდებათ, თუმცა იქ შავი ფერი დომინირებს, რადგან სალონი ძირითადად შავი ხარის ტყავითაა გაწყობილი. წინა სავარძლების საკისრეებს თეთრად შესრულებული წარწერა Evoque ამშვენებს. თეთრი ფერისაა გადაცემათა მექანიკური კოლოფის გადამრთველი ბერკეტის ზედა ნაწილი, რომელზეც საფეხურების სქემა წითლადაა დატანილი. თუ ტრანსმისია ავტომატურია, მაშინ მისი სელექტორის შავ ცილინდრს წითელი ფერის ორი არშია დაამშვენებს.

საინტერესოდაა გაფორმებული ისეთი უმნიშვნელო დეტალიც კი, როგორიცაა გასაღები. ის შავ-თეთრია, წითელი ფერის დეტალებით, უკანა მხარეს კი, ფეხმავლების სიმბოლურ გადასასვლელზე მდგარი ოთხი ავტომობილია გამოსახული, როგორც „ბითლზის“ ალბომზე, ოღონდ, იქ ავტომობილების ნაცვლად, გადასასვლელზე ოთხი ლეგენდარული „ხოჭო“ გადადის…

„ლენდ როვერი“ მხოლოდ 1000 ცალი „რეინჯ როვერ ევოუკ NW8-ს“ გამოშვებას გეგმავს, გასაღების ბაზარი კი მთელი მსოფლიოა.

Range-Rover-Evoque-NW8-9