Porsche წარმოებისთვის 718 Cayman-ის ყველაზე მძლავრ ვერსიას ამზადბს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. მზადების პროცესმა ნურბურგრინგზე გადაინაცვლა, სადაც ავტომობილის შენიღბული ვერსია გადის ტესტებს. ჯერ ისიც არაა ცნობილი, თუ რა სახელით შესთავაზებენ პორშეს წარმომადგენლები მყიდველს ახალ ავტომობილს. სავარაუდდ, მისი სრული სახელი იქნება 718 Cayman GT4.

თუ ორიგინალური Cayman GT4 აღჭურვილი იყო მოდელ 911-ისგან აღებული 3.8-ლიტრიანი ოპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავით (385 ცხ.ძ), ამჯერად მოსალოდნელია, რომ ამ აგრეგატს შეცვლის 911 GT3-ს 4.0-ლიტრიანი აგრეგატის დეფორსირებული ვერსია, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება.

ნურბურგრინგზე ახალი ავტომობილის საკიდარის და გამოსაბოლქვი სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. ტრეკზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სატესტო პროტოტიპს ბორბლების გაგანიერებული თაღები აქვს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს.

პარალელურად, Porsche-ს დივიზიონი GT ინტენსიურად მუშაობს 991.2 GT3 RS და ახალ GT2-ზე, რომლებიც ბაზარზე 718 Cayman GT4-ზე ადრე უნდა გამოვიდეს.