Rolls-Royce-ის ბიზნესში ახლო აღმოსავლეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მართალია, ამჟამად იქ გაყიდვები სტაგნაციის პროცესშია, მაგრამ ის მაინც ბრიტანული კომპანიისთვის მესამე უდიდესი ბაზარია. მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული და წარმატებული სადილერო კომპანია კი დუბაიში მუშაობს. გასაკვირი სულაც არაა, რომ „როლსი“ ყველაზე მეტ სპეც ვერსიას სწორედ სპარსეთის ყურის რეგიონისთვის ამზადებს.

ახლახანს ბრიტანული კომპანიის ექსკლუზიური პროექტების დივიზიონმა, ერთბაშად შვიდი სპეციალური მოდელი შეიმუშავა. ყველა მათგანი ერთმანეთისგან და „როლსის“ ყველა დანარჩენი ავტომობილისგან განსხვავდება. და რაც მთავარია, ყველა ემირატელი შემკვეთისთვის არის შემუშავებული.

ექსკლუზიური ავტომობილების სერიის საერთო სახელია – Wisdom Collection. ისინი Phantom-ის Wraith-ის ბაზაზე, აბუ დაბის სადილერო კომპანიის შეკვეთით დამზადდა. ყველა მათგანი ემირატების გამორჩეული სიმბოლოების შთაგონებით შეიმუშავეს.

შვიდ მოდელს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სედან Phantom-ის ვერსია, რომელიც შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთის შთაგონებით შეიქმნა. ის ორ ფერშია გაფორმებული – თეთრი ოქროსფერთან შეახამეს. სპეციალისტებმა მასზე დაახლოებით 800 საათი იმუშავეს. მეორე მოდელი Phantom Coupe, ციხესიმაგრე ყასრ-ალ ჰოსნის შთაგონებით შეიქმნა. ის ღია ლურჯ და თეთრ ფერებში გამოაწყვეს, რომლებთანაც ოქროსფერი დეტალებია შეხამებული. Phantom Drophead Coupe კი უდაბნოს ვარდის შთაგონებით არის შექმნილი. ის თეთრსა და მუქი წითელი ღვინის ფერებშია გაფორმებული.

სედან Ghost-ის შთაგონებად ანტიკური სავაჭრო გზებია გამოყენებული. ის თეთრი და ოქროსფერით გააფორმეს, რითაც უდაბნოს ეფექტი შეიქმნა. კაბრიოლეტ Dawn-ი მარგალიტს გაგახსენებთ, ოკეანის ლაჟვარდით. თეთრი Wraith-ი კი შევარდნით ნადრობის სიმბოლოს გამოხატავს. მისი სალონი ოქროსფერი და მოწითალო-ღრმა ყავისფერი ტყავით არის გაწყობილი. კიდევ ერთი Wraith-ი შეიხ ზაიედის ხიდს უკავშირდება და ის ლურჯით, თეთრით და ვერცხლისფერით არის გაწყობილი.

ყველა სპეც მოდელის გაფორმებისას გამოყენებულია ინდივიდუალური გაფორმება, რომლებიც ხელით არის შესრულებული. აბუ დაბის სადილერო კომპანია არაფერს ამბობს ამ ავტომობილების ტექნიკურ აღჭურვილობაზე. სავარაუდოდ, ამ მხრივ არაფერია შეცვლილი. არც ფასზეა ლაპარაკი, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან ფასის ცოდნა მხოლოდ მყიდველისთვისაა საჭირო…