სურათზე რაც ჩანს, ადვილად მიხვდებოდით, რაცაა. ჩინური წარწერებიც მიგახვედრებთ, რომ ეს საგზაო ჯოჯოხეთი ცისქვეშეთში ხდება. უფრო კონკრეტულად, 11.5-მილიონიონი პეკინის ერთ-ერთ მაგისტრალზე. თურმე ნუ იტყვით და, ამ მაგისტრალის სიგანე 50 ზოლს ითვლის, მაგრამ ეს მაინც არ ყოფილა საკმარისი იმისათვის, რომ საცობი არ წარმოიქმნას.

Horrific-Traffic-Jam-1

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, „ეისი-დისის“ წევრებს ასეთი საცობი არასდროს უნახავთ, მაგრამ მაინც დაწერეს თავიანთი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა „ჰაივეი თუ ჰელ“. ეს რომ ენახათ, ალბათ სხვა სახელს მოიფიქრებდნენ. თუმცა იმ სახელში აუცილებლად დატოვებდნენ სიტყვა ჯოჯოხეთს.

ეს საცობი პეკინის შემოგარენში, 6 ოქტომბერს დაფიქსირდა. ჩინეთი 1-7 ოქტომბერს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც ეროვნული დღე ჰქვია. ამ დღეებში თურმე ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ანუ თითქმის 750 მილიონი ადამიანი, ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მიემართება, მოგზაურობს, უმეტესობა ავტომობილით. და ბუნებრივია, ამ დროს გზებზე განსაკუთრებით ბევრი ავტომობილი იყრის თავს.

როგორც ინტერნეტ გამოცემა „პიპლზ დეილი“ იუწყება, პეკინი-ჰონ კონგ-მაკაუს საავტომობილო მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე, საავტომობილო საცობი რამდენიმე მილზე გაიწელა. ამის მიზეზი კი მეორე, ვიწრო საკონტროლო-გამშვები პუნქტია, რომელსაც 50-ვე ზოლში მიმავალი ავტომობილის გატარება უწევს. ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოიფიქრეს ასეთი ვიწრო გამტარის გაკეთება ასეთ ფართო გზაზე…