Lamborghini მზადაა, თავისი სუპერ ავტომობილების წლიური წარმოება 3 500 ერთეულით შეზღუდოს. ოღონდ, ეს შეზღუდვა არ შეეხება უგზოობის უახლეს მოდელ Urus-ს, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოვა. კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ავტომობილის გაყიდვების პირველი სრული წლის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები გაორმაგდება და 7 000 ერთეულს მიაღწევს.

სანტ’აგატა ბოლონეზელთა ახალმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ როიტერსთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანიის ძირითადი ორიენტირი კვლავაც იქნბა თავისი სუპერ ავტომობილების ექსკლუზიურობა. „ჩვენ კომპანიის დნმ-ზე უარის თქმას არ ვაპირებთ, რაც სპორტული სუპერ ავტომობილების წარმოებას ნიშნავს“, – ამბობს Lamborghini-ს მთავარი აღმასრულებელი.

ბანგკოკის მოტორ შოუზე დომენიკალიმ განაცხადა, რომ Urus-ს წარმოება არ შეიზღუდება. ამ ავტომობილის სავარაუდო ფასი 200 000 დოლარის ფარგლებში იქნება და კომპანია იმედოვნებს, რომ მას წლიურად 3 500-ზე მეტს გაჰყიდის. დომენიკალი ამბობს, რომ ამ ავტომბობილზე დიდი ინტერესია აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე. მაგალითად, ჩინეთში. მიზნის მისაღწევად, „ლამბო“ თავის გლობალურ სადილერო ქსელს 132-დან 160-მდე გაზრდის.

Lamborghini-სთვის უდიდესი ბაზარი სწორედ შეერთებული შტატებია, სადაც მის დილერთა დაახლოებით მესამედია განლაგებული. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მსოფლიო გაყიდვების დაახლოებით მესამედი ამერიკაზე მოდის. ამჟამად სანტ’აგატა ბოლონეზეს ქარხანაში დაახლოებით 500 სპეციალისტი მუშაობს. თითქმის ამდენივეს დამატებაა დაგეგმილი Urus-ის წარმოებისთვის.