პირველი ხუთი თაობის Ford Mustang-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, მათი V8 ძრავი იყო. მეექვსე თაობამ ეკობუსტის ოთხცილინდრიანი, ძალიან ეფექტური ძრავი მიიღო, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული, მაგრამ Mustang-ი და V8 მაინც ერთგვარი სინონიმებია.

თუმცა ამერიკელი ბო მაიკლტუნისთვის ასე არ ყოფილა. ამერიკული ავტომობილების გარდა, ის იაპონურ სპორტულ მოდელებსაც ეთაყვანება. თან მექანიკოსობაც ეხერხება. ამ ყველაფერმა კი იქამდე მიიყვანა, რომ თავისი Mustang-ის (რომელიც 1968 წელს არის გამოშვებული) კაპოტქვეშ… იაპონური აგრეგატი, ტოიოტას 2JZ-ი მოათავსა.

ბომ ორი ლეგენდარული ავტომობილი შეაჯვარა – Mustang-ს საკუთარი ძრავის ადგილზე, Toyota Supra-ს 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) 2JZ ტურბო აგრეგატი ჩაუდგა. მისი სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტია და განსაკუთრებით, მაღალი მაბრუნი მომენტით გამოირჩევა. მაიკლტუნი ამით არ შემოიფარგლა და თავის „მუსტანგს“ საკიდარიც შეუცვალა. გარდა ამისა, ის უფრო ეფექტური მუხრუჭებითაც აღჭურვა.

მოკლედ, ბოს „მუსტანგი“ ძალიან დინამიური ავტომობილია და თავისი დახვეწილი ხმითაც გამოირჩევა. ამ ავტომობილმა თავის შემქმნელს ახალი შთაგონება მისცა და მან „მუსტანგის“ ბაზაზე ახალი პროექტის შესრულება გადაწყვიტა. ამჯერად ამერიკული ავტომობილი, Nissan Skyline GT-R-ის ძრავით აღიჭურვება.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=YAhJ8uaWjv0