Ford GT პოპულარული სუპერ ავტომობილია და თავისი მახასიათებლებით, Ferrari-ს და Lamborghini-ს მოდელებს არც არაფრით ჩამორჩება. მაგრამ ზოგს ეს არ აკმაყოფილებს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც დრეგ-ის ტიპის რბოლებში მონაწილეობს. იქ სწორხაზოვანი სიჩქარეა მთავარი და ნაკლებად პილოტის ოსტატობა. და ამიტომ, ამ ტიპის ავტომობილების შექმნისას, ძირითადი ყურადღება ძრავის სიმძლავრეს და ავტომობილის მდგრადობის შენარჩუნების უნარს ექცევა.

სარბოლო გუნდ Johnny Bohmer Racing-ის სპეციალისტებმა, ერთმილიან სწორზე, თავიანთი Ford GT-ით 300 მლ/სთ (482.80 კმ/სთ) სიჩქარის მიღწევა დაისახეს მიზნად. ამისათვის ავტომობილი 2 700-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვა. მოდიფიკაცია ჩაუტარდა საკიდარს, ტრანსმისიას და მზიდ სტრუქტურას. ავტომობილი სამუხრუჭე პარაშუტითაც აღიჭურვა. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილს საგზაო ლიცენზიაც შეუნარჩუნდა.

ჯონი ბომერმა 2012 წელს ადგილიდან ერთ მილზე რბოლაში, რეკორდული სიჩქარე დააფიქსირა. ამჯერად კი საკუთარი თავის ჯობნა გადაწყვიტა. რეკორდული გარბენისთვის გუნდმა კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის (ფლორიდა) ასაფრენი ზოლი შეარჩია. ავტომობილს, რომელიც გარედან თითქმის არ განსხვავდება სერიული ვერსიისგან, მეტსახელად BADD GT შეარქვეს.

პირველ ცდაზე ბომერმა საათში 292.9 მილი სიჩქარე (თითქმის 470 კმ/სთ) განავითარა. მართალია მიზნამდე ცოტა დააკლდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ 300 მილს მიაღწევს. უფრო მეტიც, არ გამორიცხავს, რომ 315 მლ/სთ (506 კმ/სთ) სიჩქარეც მიღწევადია. როდის აპირებს მეორე ცდაზე ტრასაზე გამოსვლას, ბომერს ჯერ არ დაუზუსტებია.