BMW წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და მოდელ 2002 Turbo-ს გამოშვებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, კონცეპტუალური მოდელი 2002 Hommage შეიმუშავა, რომელიც ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა, სადაც გერმანული კომპანია მასპინძელია. ეს არის რეტრო-ფუტურისტული კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც წარსულის პოპულარულ ავტომობილს, მომავლის კუპე M2-ს უკავშირებს. კონცეპტი სწორედ ამ უკანასკნელის ბაზაზეა დამზადებული.

bmw-2002-hommage-concept-13

მინიმალური კლირენსით და აეროდინამიკური ელემენტებით დახუნძლული ავტომობილი სრულიად თანამედროვედ გამოიყურება, თუმცა ორიგინალური 2002 Turbo-ს ფორმებსაც ინტერპრეტირებული ფორმით იმეორებს. ასეთია მაგალითად ფარები, რომელთა ზემოთაც მოხვევის ციმციმები მოთავსდა. ფსევდო რადიატორის „თირკმელების“ ქვემოთ, უფრო ზორბა ჰაერის ამღები განლაგდა, რომელიც სპლიტერს ეყრდნობა და ძრავის ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს. ავტომობილის წინაც, უკანაც და გვერდებზეც, აეროდინამიკური ელემენტები განლაგდა. მარცხენა ფარსა და რადიატორს შორის წარწერა Turbo მოთავსდა, რაც ასევე შორეული წინაპრისგან არის აღებული.

BMW-2002-M2-Hommage-19

კომპაქტური გაბარიტების მქონე კონცეპტს გრძელი ბაზა აქვს. მრავალწკირიანი ბორბლები 20-დუიმიანია. ისინი დაბალპროფილიანი საბურავებით არის შემოსილი. ბავარიულ კომპანიას თავისი ახალი კონცეპტის აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დიდი ალბათობით, მის კაპოტქვეშ განლაგებულია 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი ძრავით, რომელც M2 Coupe-ზე გვხვდება და 370 ცხენის ძალას ავითარებს.

„ბეემვე“ ამ კონცეპტუალური ავტომობილის წარმოებას არ აპირებს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ „ზვიგენის ცხვირის“ ფორმის მქონე წინა ნაწილის დიზაინმა სერიულ ავტომობილებზეც გადაინაცვლოს.