ამ ამბავმა შარშან მთელი მსოფლიო გააოგნა – დასავლეთ საფრანგეთში აღმოაჩინეს მიტოვებული ავტოფარეხი, სადაც ასზე მეტ ანტიკვარულ ავტომობილს ჟანგი ჭამდა და მტვერი ფარავდა. ამ ავტომობილების სოლიდური ნაწილი იმდენად ცუდ დღეში იმყოფებოდა, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი გახდა. უფრო დიდი ნაწილი კი უკვე გაიყიდა აუქციონებზე. მაგრამ ეს ერთადრთი შემთხვევა არაა, როცა ანტიკვარული ავტომობილი წლების განმავლობაში ელის, თუ როდის დააფასებენ.

ერთ-ერთი ასეთთაგანია 1925 წლის გამოშვების როდსტერი „ბუგატი ბრეშა“, რომელსაც ბედმა მიტოვებულ ფარეხში 40 წელი დგომა არგუნა. ავტომობილის სრული სახელია „ბუგატი ტაიპ 13 ბრეშა“. დღემდე ის სულ 12 ცალი შემორჩა. და ამიტომ, კოლექციონერთათვის სანუკვარი ლუკმაა. მითუმეტეს, რომ „ტაიპ 13“ „ბუგატის“ პირველი საკუთარი ავტომობილია. „ბრეშა“ კი მისი ევოლუციაა.

მეტსახელი „ბრეშა“ ამ ავტომობილს იმ გამარჯვების გამო ერგო, რომელიც 1921 წელს ქალაქ ბრეშაში მოგებული დიდი პრიზისთვის მიიღო. ამ 300-კილოგრამიანი ავტომობილის ბორბლებს შორის ბაზა 2000 მილიმეტრია. მას მამოძრავებელი ძალით მონობლოკური, 1.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი ანიჭებს, რომელიც „ზენიტის“ კარბურატორების დახმარებით, დაახლოებით 30 ცხენის ძალას ავითარებს.

ეს ავტომობილი და კიდევ სამი „ბრეშა“, „ბუგატის“ ცნობილ ენთუზიასტ ბერნარ ტერიონს ეკუთვნოდა. დანარჩენი სამი მას 1970-იან წლებში გაუყიდავს. ეს ეგზემპლარი კი, რომელიც ტერიონს 1953 წელს შეუძენია, 40 წელი გარაჟში იდგა. მის ოჯახს ახლახანს გაახსენდა, რომ ავტომობილი კვლავაც იქ დგას, სადაც ბერნარმა დატოვა. გადაწყდა მისი გაყიდვა. „ბუგატი ბრეშა“ პარიზის აუქციონზე, 22 ივნისს გაიყიდება. საწყისი ფასი 150-250 ათასი ევროა, თუმცა დიდი ალბათობით, აუქციონზე მასში გაცილებით მეტს გადაიხდიან.