ჩინთში საავტომობილო გზებზე საცობები მოუგვარებელი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ამ საცობებში ადამიანები საათებს კარგავენ, გარემო ძლიერ ზარალდება და ქალაქებიშ ხანდახან უმაღლესი დონის ეკოლოგიური განგაშიც კი ცხადდება. ამ პრობლემას სხვადასხვანაირად ებრძვიან. ზღუდავენ მართვის ლიცენზიის გაცემას, ლუწ და კენტ ნომრიანი ავტომობილების მფლობელებს, სამოძრაოდ მორიგეობით უშვებენ ქალაქის გზებზე. მაგრამ საქმეს არაფერი შველის.

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება შესაძლოა გახდეს ვინმე სონ იუჟოუს პროექტი, რომელიც უზარმაზარი ავტობუსის შექმნას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ გიგანტური გაბარიტებით გამოირჩევა, ავტობუსის მთავარი გარეგნული თავისებურება ისაა, რომ ის ძალიან მაღალზე „დგას“ – კორპუსი ბორბლებიდან მაღლა, სპეციალურ საყრდენებზე დგას, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მსუბუქმა ავტომობილებმა და მცირეგაბარიტიანმა კომერციულმა ავტომობილებმა, მის ქვეშ გავლა შეძლონ.

bus-that-takes-no-road-space-looks-like-107801_1

ავტობუსს გზასთან მინიმალური შეხება აქვს და შესაბამისად, არც დიდ ადგილს იკავებს. მის ძირზე განათების მოწყობა შეიძლება, რაც მის ქვეშ მოძრავ ავტომობილებს გვირაბში გავლის ეფექტს შეუქმნის. თავად გიგანტურ ავტობუსში, თუ შეიძლება მას ავტობუსი ვუწოდოთ, 1400 მგზავრი დაეტევა, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც 40 საქალაქო ავტობუსში ეტევა. პროექტის შესაბამისად, ასეთ გიგანტურ ავტობუსს, წლიურად დაახლოებით 800 ტონა საწვავის დაზოგვა შეუძლია. ამასთან, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის წონა 2500 ტონით შემცირდება.

ამ ავტობუსის უარყოფითი თავისებურება ისაა, რომ მას მოსახვევებში გავლა გაუჭირდება. ამასთან ქუჩებს, სადაც მან უნდა იაროს, შესაბამისი სიგანე უნდა ჰქონდეს. სამაგიეროდ, ის ელექტრო ენერგიას გამოიყენებს, რომელსაც გზის გასწვრივ განლაგებული პოსტებისგან მიიღებს.

ავტობუსის სიგრძე 60 მეტრი უნდა იყოს და ის ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული სეგმენტისგან აიწყობა. მისი კლირენსი 2.1 მეტრი უნდა იყოს, სიმაღლე კი – 4.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, საჩვენებელი მასშტაბური მოდელი ჩინურმა კომპანია Transit Explore Bus-მა შეიმუშავა და ტექნიკის გამოფენაზე წარადგინა. ამისათვის შეიმუშავეს ქალაქის ქუჩის მასშტაბური მოდელი, სადაც იმავე მასშტაბის ავტომობილების მოდელები დააყენეს.

Transit Explore Bus-მა უკვ დაიწყო გიგანტური ავტობუსის კონცეპტუალური სრულგაბარიტიანი ვერსიის აწყობა. ის მალე დასრულდება და აგვისტოში პირველ ტესტებს გაივლის ქალაქ ჩანჟოუში. პროექტის შემდგომი ბედი სწორდ ამ ტესტებზე იქნება დამოკიდებული.