„მინიმ“ ამ გაზაფხულზე ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე კონცეპტუალური როდსტერი „სუპერლეგერა ვიჟნ კონცეპტი“ წარადგინა, რომელმაც სპეციალისტების და დამთვალიერებელთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მართალია, მაშინ ითქვა, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი ავტომობილია, მაგრამ როგორც ჩანს, „ბეემვეს“ (მინი ბავარიული ჯგუფის ნაწილია) ეს საინტერესო პროექტი თაროზე დასამტვერად არ ემეტება.

minivila1

„ბეემვეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი პეტერ შვარცენბაუერი, ვინც ჯგუფში შემავალ ორივე ბრიტანულ ბრენდს (მინი და როლს-როისი) კურირებს, ამბობს, რომ ბავარიული კომპანია „სუპერლეგერას“ წარმოების საკითხს რამდენიმე თვეში განიხილავს: „ახალი მოდელის წარმოების დაწყებამდე, მისი პერსპექტივის დაწვრილებით შესწავლაა საჭირო. ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო. უნდა გადაწყვიტო, ეს პროდუქტი კომპანიას რისთვის სჭირდება. უნდა იყოს მასობრივი მოდელი, თუ შეზღუდული ტირაჟით უნდა დამზადდეს. ამ ყველაფრის შესწავლას ბევრი დრო უნდა და აქედან გამომდინარე ვამბობ ექვს თვეს“, – როიტერსთან საუბრისას აცხადებს შვარცენბაუერი.

მართალია, ვილა დ’ესტეში წარდგენისას, „მინის“ არაფერი უთქვამს თავისი კონცეპტის ძრავზე, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. დაკვირვებული თვალი ადვილად აღმოაჩენს, რომ მას არ აქვს გამოსაბოლქვი მილი, ვერც მაჩვენებლების დაფაზე ბრუნთა რიცხვების მთვლელს ნახავთ და ვერს ტრანსმისიის საფეხურების გადასართავ ბერკეტ(ებ)ს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროექტისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, სერიული ავტომობილი შიდაწვის ძრავით არ აღიჭურვება.

მოკლედ, თუ მისი წარმოება გადაწყდა, „სუპერლეგერა“ „მინის“ გამაში მერვე ავტომობილი გახდება. მაგრამ შვარცენბაუერი კვლავაც იმეორებს, რომ „მინის“ სტრატეგია, სამოდელო გამის ხუთ ძირითად მოდელამდე შემცირებას ითვალისწინებს. რომელი მოდელები მოჰყვება შემცირებაში, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ „როდსტერი“, „კუპე“ და „პეისმენია“.