ცნობილია, რომ ავტომობილის ძრავში მოძრავი დეტალების დიდი რაოდენობა ეხება ერთმანეთს. სწორედ მათ ზედაპირებს შორის, ხახუნის სრიალად გადაქცევას ემსახურება საავტომობილო ზეთი. ძრავის ზეთი საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობს (მაღალი წნევა და ტემპერატურა), ამიტომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • დეტალების ზედაპირზე შექმნას ზეთის მყარი და თხელი აპკი, რითაც გამორიცხავს მათ უშუალო ხახუნს და ცვეთას;
  • ცილინდრსა და დგუშის რგოლებს შორის შეამჭიდროვოს სივრცე, რათა წვის კამერიდან გაზებმა არ შეაღწიოს მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის სისტემაში;
  • ეფექტურად ჩამორეცხოს ზედაპირებიდან ნამწვი;
  • დაიცვას ძრავის დეტალები კოროზიისგან;
  • შეინარჩუნოს ცვეთის, ჟანგვის და ჭუჭყის ნაწილაკები ბლანტი სითხის (ემულსიის) მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს მათი ზედაპირზე შეწებება-შეცხობა და გამოიტანოს ისინი ხახუნის (შეხების) ზონიდან;
  • მოახდინოს წვის და ზეთის ჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ორგანული მჟავეების ნეიტრალიზაცია;
  • შეინარჩუნოს ყველა ეს თვისება ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში.

ამ თვისებების მისაცემად ზეთს უმატებენ სხვადასხვა შემავსებლებს, რომლებიც მთელი მასის 10 – 25%-ს შეადგენს.

ძრავის ზეთი არსებობს სამი სახეობის: მინერალური, ნახევრად სინთეტიკური (Semi – Synthetic) და სინთეტიკური (Fully Synthetic). სინთეტიკური ზეთის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სხვა სახეობის ზეთის შემდეგ, მხოლოდ ძრავის გამორეცხვის შემთხვევაში. სინთეტიკური ზეთები მინერალურისგან განსხვავებით ხასიათდებიან მაქსიმალური ქიმიური და თერმული სტაბილურობით, რაც ნიშნავს, რომ ექსპლუატაციისას არ განიცდის თვისებების გაუარესებას (ჟანგვა, პარაფინიზაცია და ა. შ.). ზეთი ერთნაირად თხევადია სხვადასხვა ტემპერატურებზე და ინარჩუნებს კარგ დენადობას, რის გამოც ადვილად აღწევს ძნელად შესაზეთ ვიწრო ჭრილებში.

მინერალურიდან სინთეტიკურ ზეთზე გადასვლისას შეიძლება ძრავში ზედაპიერბზე დარჩეს მინერალური ზეთის ნამწვი შავი ნაფენის სახით, რომელსაც სინთეტიკური კარგად ჩამოაშორებს და შეიძლება საზეთე არხები ან ფილტრი გაჭედოს. ასევე შეიძლება შემამჭიდროებელი ელემენტების (”სალნიკები”) ელასტიურობის დაკარგვა, დაბერვა ან დასკდომა გამოიწვიოს.

Filt

ავტოწარმოების დასაწყისში ძრავს გაუფილტრავი ზეთი მიეწოდებოდა, რის გამოც მისი საშუალო გარბენი რამდენიმე კილომეტრს აღწევდა. რევოლუციური გადაწყვეტა იყო გაეფილტრათ: საწვავი, ჰაერი და ზეთი. პირველად ზეთის გამფილტრავ მოწყობილობას 20-ე საუკუნის დასაწყოსში იყენებენ და Purolator უწოდებდნენ. ამგვარად ზეთის ფილტრი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მოწყობილობაა თანამედროვე ავტომობილისთვისაც.

ზეთის ფილტრის დანიშნულებაა გამოაცალკეოს ზეთში ჰაერიდან მოხვედრილი მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები, საწვავიდან მოხვედრილი არასასურველი ნაწილაკები, ძრავის ცვეთისას წარმოქმნილი მეტალის ნაწილაკები, თავად ზეთში შერეული სხვადასხვა არასასურველი მინარევები. მან უნდა შეძლოს თანაბარი ნაკადის ძეთის გატარება ძრავის მუშაობის სხვადასხვა რეჟიმში.

თითქმის ყველა თანამედროვე ზეთის ფილტრის კონსტრუქცია ერთ პრინციპზეა დამყარებული. მისი ძირითადი დეტალია – გამფილტრავი ელემენტი, რომელიც სპეციალური ქაღალდისგან მზადდება. ეს ქაღალდი სერიოზული მეცნიერული კვლევისა და ტექნოლოგიური მიღწევების შედეგია. მას უნდა შეეძლოს მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა, აიტანოს ზეთის და მისი მინარევების აგრესიული ზემოქმედება, შეძლოს ერთნაირი წარმატებით გაფილტროს სხვადასხვა ხასიათის მინარევები.