ახლახანს „ფორდმა“ მეორე თაობის მინივენი „S-მაქსი“ გაგვაცნო, რომლის მსოფლიო პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს. მასთან ერთად კი პარიზშივე პირველად გვიჩვენებს განახლებულ „C-მაქსს“ და მის შვიდადგილიან ვერსია „გრანდ C-მაქსს“. ორივე ავტომობილი, ერთნაირი კოსმეტიკური ცვლილებების გარდა, მექანიკური და ტექნოლოგიური სიახლეებითაცაა გამორჩეული.

უნდა ითქვას, რომ „გრანდ C-მაქსის“ უკანა ნაწილის გარდა, ორივე ავტომობილს პრაქტიკულად ერთნაირი მოდიფიკაცია ჩაუტარდა. ამგვარად, შემდგომში მხოლოდ „C-მაქსზე“ ვილაპარაკებთ. პირველ რიგში აღსანიშნავია ავტომობილის წინა ნაწილის გაფორმება, რითაც ავტომობილმა „ფორდის“ კორპორატიული სახე მიიღო. ამ სტილის მთავარი დამახასიათებელი რადიატორის ცხაურია, რითაც ის „ასტონ მარტინს“ მოგაგონებთ. გარდა ამისა, დავიწროვდა მთავარი ფარები და დღის შუქდიოდური ფარები.

ford-cmax2

ინტერიერში ყურადღებას იქცევს გამარტივებული ცენტრალური კონსოლი, რომელზეც ნაკლები გადამრთველი და მარეგულირებელი მოთავსდა. ამის საშუალება კი დიზაინერებს 8.0-დუიმიანმა სენსორულმა ეკრანმა მისცა, რომელსაც სასურველი ინფორმაციის ჩვენების გარდა, სხვადასხვა სისტემით მანიპულირებაც შეუძლია. გარდა ამისა, კონსოლზევე მდებარეობს კავშირის SYNC 2 სისტემა, რომელიც ხმოვანი მართვის სისტემითაა აღჭურვილი.

„ფორდის“ ინფორმაციით, სალონის გაფორმებისას, უფრო მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. შესრულების დონეც გაიზარდა. რა თქმა უნდა, სალონი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდა. სიახლეებს შორისაა საჭის რგოლის გამათბობელი, კარების ზღურბლების ფირფიტები. გარდა ამისა, სალონს უკეთესი აკუსტიკური იზოლაცია აქვს, რაც სქელი გვერდითა შუშების გამოყენებით მოხერხდა. გარდა ამისა, ძრავის სეგმენტში, თბური იზლაციის გარდა, ხმის უფრო ეფექტური შთანმთქმელი შრეებიცაა გამოყენებული.

შასის, საკიდარის და საჭის მექანიზმის გარდა, „ფორდმა“ ძრავების გამაც განაახლა, რომელიც ორი ახალი ძრავით შეივსო. მათგან ერთია 1.5-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომელიც 120 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ძრავმა 1.6L შეცვალა, რომელზეც 5 ცხენის ძალით ძლიერიცაა და მასზე 6 პროცენტით ნაკლებ ნახშირორჟანგსაც გამოჰყოფს. მეორე ახალი ძრავია 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც ორი ვერსიის სახითაა. მათგან ერთის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა, მეორისა კი – 180 ცხენის ძალა. ეს ძრავები 1.6-ლიტრიანი ეკობუსტს შეცვლიან. მოდიფიკაცია ჩაუტარდა 2.0-ლიტრიან დიზელს, რომელიც წინამორბედზე 20 პროცენტით ნაკლებ CO2-ს გამოჰყოფს და მასზე 4 პროცენტით მძლავრია. გარდა ამისა, „C-მაქსის“ გამაში ისევ შედის ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავის ორი ვერსია, რომლებიც 99 და 123 ცხენის ძალას ავითარებენ.

როგორც „ფორდის“ C-სეგმენტის გლობალური ავტომობილების დირექტორი ჯიმ ბაუმბიკი ამბობს, ახალი ძრავების წყალობით, ახალი „S-მაქსი“ თავის სეგმენტში პირველი ავტომობილია, რომელიც გამონაბოლქვზე ევრო6 სტანდარტებს აკმაყოფილებს.