11 ოქტომბერს, „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენის“ ახალი დილერი საქართველოში – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გაიხსნა (უნივერსიტეტის ქუჩა N6). გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ ქალაქ თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, სტუმრები ტოიოტა მოტორს ევროპიდან (TME) და ტოიოტა ცუშო კორპორეიშენიდან (TTC), სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და სხვა საპატიო სტუმრები.

ცენტრი, რომელიც განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე,  მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. შენობა-ნაგებობისა და ეზოს საერთო ფართი შეადგენს 16 000 კვ.მ-ს.

24 მარტიდან „ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ კომპანია „ტოიოტა კავკასიისგან“ ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. ივლისის თვიდან კომპანიამ ტოიოტას მარკის ავტომობილების უახლესი მოდელების რეალიზაცია დაიწყო, ხოლო სექტემბრის თვიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა სერვისმა ახალ შენობაში.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ს.ს. „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. პროექტში “თეგეტა მოტორსმა” 15 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. ცენტრი გათვლილია დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზე, სადაც დასაქმებული იქნება 120 ადამიანი.

კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად “ტოიოტას” ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისი აღიჭურვა უახლესი დანადგარებით, ავტორიზებული პროგრამებით, მომზადდა პერსონალი, რომლებმაც ტოიოტას სპეციალური ტექნიკური ტრეინინგები გაიარეს, ეს ყველაფერი კი ცალსახად იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურ კომფორტს და საუკეთესო შეთავაზებას ტოიოტას ავტომობილებსა და სერვისზე.

კომპანია ქართველ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – ცენტრში დაინერგება ვიზიტზე წინასწარ ჩაწერის სერვისი, რაც უზრუნველყოფს დროის დაზოგვასა და მაქსიმალურ კომფორტს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი უნიკალურია კავკასიის რეგიონში ზომითა და  ტოიოტას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და ორიენტირებულია მომსახურების უმაღლეს ხარისხზე.