„ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ შარშან თავისი თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა და ამით, მსოფლიო ლიდერობა შეინარჩუნა. იაპონური კომპანიის ანგარიშზე 10.23 მილიონი გაყიდული ავტომობილია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უკან ჩამოეტოვებინა გერმანული „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნბის პარალელურად, „ტოიოტამ“ ასევე გამოაცხადა, რომ წელს გაყიდვების 1.0 პროცენტით (10.15 მილონამდე) შემცირებას მოელის, რის მიზეზადაც იაპონიასა და განვითარებად ქვეყნებში მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებას ასახელებს. თუ ასეც მოხდა, 2011 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა „ტოიოტას“ გაყიდვები შეუმცირდება. 2011 წელს, იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ და მისმა თანმდევმა ცუნამიმ, წარმოების და გაყიდვების მკვეთრი კლება გამოიწვია.

საერთო ჯამში, „ტოიოტას“ გაყიდვები 3.0 პროცენტით არის გაზრდილი. მის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელში (10.23 მილიონი) ასევე გათვალისწინებულია მინი ავტომობილების მწარმოებელ კომპანია „დაიჰაცუსა“ და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი „ჰინოს“, ასევე პრემიუმ სეგმენტის ბრენდ „ლექსუსის“ და „ახალგაზრდულ“ ბრენდ „საიონის“გაყიდვები.

„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ანგარიშზე 10.14 მილიონი ავტომობილია და ეს მისთვისაც პირველი შემთხვევაა, როცა ათმილიონიანი ზღვარი გადალახა. ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა. გერმანული ჯგუფი ახლოსაა მიზანთან, გახდეს მსოფლიო ლიდერი. სხვათა შორის, ამ მიზნის განხორციელება 2018 წელს იგეგმებოდა. მესამე ადგილზე „ჯენერალ მოტორსს“ დარჩა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო პირველი. ამერიკული გიგანტის გაყიდვები 2.0 პროცენტით, 9.92 მილიონამდე გაიზარდა.

„ჯენერალ მოტორსი“ მსოფლიო ლიდერობას 80 წელი არავის უთმობდა, მაგრამ 2008 წელს „ტოიოტამ“ გადაასწრო. იაპონურმა კომპანიამ პირველობა სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, მაგრამ მიწისძვრამ და ცუნამიმ პოზიცია დაათმობინა. ამერიკული კომპანია ისევ პირველი გახდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით – 2012 წელს „ტოიოტა“ ისევ ლიდრი გახდა. 2013 წელს იაპონურ კომპანიას 10 მილიონამდე დაახლოებით 20 000 ავტომობილი დააკლდა.

„ტოიოტა“ წელს ექსპორტზე 8.06 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, ანუ შარშანდელზე 2.0 პროცენტით მეტს. თუმცა, შინაურ ბაზარზე გაყიდვების 9.0 პროცენტით, 2.1 მილიონამდე კლებას პროგნოზირებს.