ჯერ კიდევ გაზაფხულზე, „სუზუკიმ“ გამოაცხადა, რომ იწყებს მუშაობას მარტივსა და იაფ ჰიბრიდულ სისტემებზე, რომლებსაც თავისი სამოდელო გამის უკლებლივ ყველა ავტომობილზე გამოიყენებს. ახალი ინფორმაციით, რომელიც იაპონური კომპანიის ინდოელი პარტნიორის, ინდური ბაზრის ლიდერ „მარუტის“ ხელმძღვანელმა გაზეთ „ეკონომიკ ტაიმსს“ გაანდო, დაბალფასიანი ჰიბრიდული ტექნოლოგიების დანერგვა სამ-ოთხ წელიწადში დაიწყება.

გაზეთის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიების შემუშავება დიდი ხნის დაწყებულია და ამჟამად სრულყოფის სტადიაზე იმყოფება. სამუშაოების ძირითად ნაწილი იაპონიაში მიმდინარეობს, თუმცა პროცესში ასევე ინდოელი და ევროპელი ინჟინრებიც არიან ჩართულნი. კომპანია იმედოვნებს, რომ ჰიბრიდული სისტემების დახმარებით, მისი ავტომობილების საწვავის ხარჯს 20-30 პროცენტით შეამცირებს.

როგორც „მარუტის“ თავმჯდომარე ერ-სი ბჰარგავა „ეკონომიკ ტაიმსთან“ საუბრისას ამბობს, დაბალფასიანი ჰიბრიდული სისტემები პატარა ავტომობილებისთვისაც საჭროა და რომ მისი კომპანია მათ ისევე წარმატებით დანერგავს, როგორც ეს ავტომატიზებული მექანიკური ტრანსმისიების შემთხვევაში შეძლო, რომლებსაც ადრე მხოლოდ ძვირადღირებულ ავტომობილებზე იყენებდნენ. რაც მთავარია, ჰიბრიდული სისტემები ავტომობილების მნიშვნელოვნად გაძვირებას არ გამოიწვევს.

სხვათა შორის, „მარუტი სუზუკის“ ინდოეთის მთავრობასთან მიღწეული აქვს წინასწარი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, ავტოკომპანია მთავრობას მომავალი წლიდან ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ ჰეჩბეკ „სვიფტს“ მიაწვდის.

ასეთი ავტომობილი, „მარუტი სვიფტ რეინჯ ექსტენდერის“ სახელით, კომპანიამ ნიუ დელის წლევანდელ ავტო ექსპოზე წარადგინა.

ეს ავტომობილი ბენზინის სამცილინდრიანი, 0.66-ლიტრიანი ძრავით და ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც წინა ღერძთანაა დაკავშირებული. ელექტრო ძრავი 55 კილოვატ სიმძლავრეს ავითარებს და ენერგიას ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, რომლის ტევადობაც 5 კილოვატსაათია. ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი „სვიფტი“, შიდაწვისძრავიანზე 130 კილოგრამით მძიმეა.

„სვიფტ რეინჯ ექსტენდერს“ შერეული ციკლით მოძრაობისას, ერთი ლიტრი საწვავით 48.2 კილომეტრის გავლა შეუძლია, აქედან 25.5 კილომეტრი კი მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე. ელემენტების სრულად დასამუხტად მხოლოდ 90 წუთია საკმარისი.